ნენსი პელოსიმ დონალდ ტრამპს ამერიკული დემოკრატიისთვის საფრთხე უწოდა
ნენსი პელოსიმ დონალდ ტრამპს ამერიკული დემოკრატიისთვის საფრთხე უწოდა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ დონალდ ტრამპს ამერიკული დემოკრატიისთვის საფრთხე უწოდა. ეს განცხადება დემოკრატმა კონგრესმენმა წარმომადგენელთა პალატაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრამდე გამართული დებატებისას გააკეთა.

ნენსი პელოსის თქმით, დონალდ ტრამპმა კონგრესს სხვა გზა არ დაუტოვა, გარდა იმპიჩმენტისა. მან აშშ-ის პრეზიდენტი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში, კონსტიტუციის დარღვევასა და კონგრესის მუშაობაში ხელის შეშლაში დაადანაშაულა.

„ჩვენ ვართ იმისთვის, რომ დავიცვათ დემოკრატია ხალხისთვის“, – განაცხადა პელოსიმ.

თავად დონალდ ტრამპმა იმპიჩმენტის პროცედურა ამერიკასა და რესპუბლიკურ პარტიაზე თავდასხმად შეაფასა.

დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენების საკითხზე წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრა მიმდინარე სხდომაზე უნდა გაიმართოს. აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ, რომლებიც იმპიჩმენტს მხარს უჭერენ. სიტყვით გამოსვლისას რესპუბლიკელებმა დემოკრატები დაადანაშაულეს უსამართლო და ყალბი პროცესის გამოყენების მცდელობაში, რომლის მიზანიც, მათი თქმით, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ანულირებაა. რესპუბლიკელების შუამდგომლობა სხდომის შეწყვეტის შესახებ წარმომადგენელთა პალატამ არ დაამტკიცა.