ნენსი პელოსი - ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებით დიდ შეცდომას უშვებს
ნენსი პელოსი - ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებით დიდ შეცდომას უშვებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის თქმით, ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებით დიდ შეცდომას უშვებს.

ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ხორვატიის დედაქალაქში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში პირველ საპარლამენტო სამიტში მონაწილეობს.

„ვფიქრობ, ირანი დიდ შეცდომას უშვებს. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვცდილობთ, გვქონდეს ბირთვული შეთანხმება ირანთან, რათა შევძლოთ მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად ვაქციოთ. ახლა ისინი რუსებს ეხმარებიან და სამყაროს ნაკლებად უსაფრთხო ადგილად ქმნიან. პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევძლოთ დრონებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ. თქვენ ხედავთ, რომ უკრაინელები გარკვეულწილად წარმატებით აჩერებენ მათ, თუმცა ის სახიფათო ტექნოლოგიაა და უნდა შეჩერდეს. ირანის დაკავშირება რუსეთთან მესიჯი უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვის, რომელთაც შესაძლოა, თავის შეკავება სურთ გარკვეულ გლობალურ ორგანიზაციებში კენჭისყრისას, რუსეთთან ურთიერთობისას, კარგად დაფიქრდნენ“, – განაცხადა ნენსი პელოსმა.

ნენსი პელოსის თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმ შემთხვევაშიც, თუ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში, „რესპუბლიკური პარტია“ მოიპოვებს უმრავლესობას.