ნენსი პელოსი - არავინ დგას კანონზე მაღლა, ყველას აქვს უფლება, სასამართლოს წინაშე საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს, იმედია, დონალდ ტრამპი პატივს სცემს სისტემას, რომელიც მას ამ უფლებას ანიჭებს
ნენსი პელოსი - არავინ დგას კანონზე მაღლა, ყველას აქვს უფლება, სასამართლოს წინაშე საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს, იმედია, დონალდ ტრამპი პატივს სცემს სისტემას, რომელიც მას ამ უფლებას ანიჭებს

არავინ დგას კანონზე მაღლა და ყველას აქვს უფლება, საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს სასამართლოს წინაშე, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნენსი პელოსი დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას.

„ნაფიცმსაჯულებმა იმოქმედეს კანონისა და ფაქტების მიხედვით. არავინ დგას კანონზე მაღლა და ყველას აქვს უფლება, საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს სასამართლოს წინაშე. იმედია, ყოფილი პრეზიდენტი პატივს სცემს სისტემას, რომელიც მას ამ უფლებას ანიჭებს“, – წერს ნენსი პელოსი „ტვიტერზე“.

30 მარტს ნაფიცმსაჯულებმა, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირეს. ამერიკის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს სისხლისსამართლებრივი ბრალდება ემუქრება.

საქმე ეხება დონალდ ტრამპის ადვოკატის მიერ 2016 წლის არჩევნებამდე პორნომსახიობისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდას, რასაც ნიუ იორკის პროკურატურა ხუთი წლის განმავლობაში იძიებს. ყოფილი პორნოვარსკვლავი სტორმი დანიელსი აცხადებს, რომ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა მას 130 ათასი დოლარი გადაუხადა ტრამპთან კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ. თავად ყოფილი პრეზიდენტი დანიელსთან სექსუალურ კავშირს უარყოფს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საქმეზე სასამართლო მოსმენა სამშაბათს, 4 აპრილს გაიმართება.