მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის საქმეზე სასამართლო მოსმენა 4 აპრილს გაიმართება
მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის საქმეზე სასამართლო მოსმენა 4 აპრილს გაიმართება

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საქმეზე სასამართლო მოსმენა სამშაბათს, 4 აპრილს გაიმართება. როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ სასამართლოს პრესსპიკერმა განაცხადა.

შეგახსენებთ, მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგიის გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს ბრალს წაუყენებენ.

თავის სოციალურ პლატფორმაზე – Truth Social ყოფილი პრეზიდენტი მის წინააღმდეგ საქმეს „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს. საქმე ეხება დონალდ ტრამპის ადვოკატის მიერ 2016 წლის არჩევნებამდე პორნომსახიობისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდას, რასაც ნიუ იორკის პროკურატურა ხუთი წლის განმავლობაში იძიებს. ყოფილი პორნოვარსკვლავი სტორმი დანიელსი აცხადებს, რომ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა მას 130 ათასი დოლარი გადაუხადა ტრამპთან კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ.

თავად ყოფილი პრეზიდენტი დანიელსთან სექსუალურ კავშირს უარყოფს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.