ნელი ხიზანიშვილი - მოვუწოდებ ყველას, ვისაც ვაქცინაცია ეკუთვნის, ისეთივე ხალისით მოვიდნენ აცრის ცენტრებში, როგორც მე მოვედი
ნელი ხიზანიშვილი - მოვუწოდებ ყველას, ვისაც ვაქცინაცია ეკუთვნის, ისეთივე ხალისით მოვიდნენ აცრის ცენტრებში, როგორც მე მოვედი

კახეთის რეგიონში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია თელავიდან დაიწყო. კახეთის რეგიონისთვის განსაზღვრული „ასტრაზენეკას“ 3 100 დოზა ვაქცინა რვავე მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებშია დასაწყობებული და სპეციალურ მაცივრებში ოპტიმალურ ტემპერატურაზე ინახება.

ასტრაზენეკას“ ვაქცინის ჩასატარებლად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გამოყოფილია სპეციალური იზოლირებული ოთახი და პაციენტის დაყოვნებისთვის სივრცე, სადაც ვაქცინაციის შემდეგ პაციენტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

კახეთის რეგიონში „კოვიდ-19“-ზე ასაცრელი 13 დაწესებულებაა დარეგისტრირებული.

პირველი, ვინც აცრის სურვილი გამოთქვა და ვაქცინა გაიკეთა, დაავადებათა კონტროლის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნელი ხიზანიშვილია.

„ბედნიერი ვარ, რომ პირველი აცრა კახეთში მე გავიკეთე. მინდა, ჩემი ამ საქციელით მაგალითი მივცე სამედიცინო სფეროს მუშაკებს, რომ დაიწყონ აცრა, რადგან კოვიდინფექციას აცრის გარეშე ვერ დავამარცხებთ. ყველას გვინდა დავამარცხოთ და დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას, ამიტომ აცრა არის მნიშვნელოვანი 21- საუკუნის ამ გამოწვევის დასამარცხებლად. მოვუწოდებ ექიმებსაც და შემდგომში საზოგადოების იმ წარმომადგენლებსაც, რომლებსაც ეკუთვნით აცრა, ისეთივე ხალისით მოვიდნენ აცრის ცენტრებში, როგორც მე მოვედი“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კახეთში დღეს თელავიდან დაიწყო, კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებში ვაქცინაცია 17 მარტიდან დაიწყება.