ნელი დოროყაშვილის ადვოკატი - თუ ვინმეს გიამაყიათ ბასილაშვილის წარმატებით, ეს, პირველ რიგში, მის ყოფილ ცოლთან არის დაკავშირებული, მან თავის კარიერაზე უარი თქვა
ნელი დოროყაშვილის ადვოკატი - თუ ვინმეს გიამაყიათ ბასილაშვილის წარმატებით, ეს, პირველ რიგში, მის ყოფილ ცოლთან არის დაკავშირებული, მან თავის კარიერაზე უარი თქვა

თუ ვინმეს გიამაყიათ ბასილაშვილის წარმატებით, ეს პირველ რიგში ყოფილ ცოლთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველებმა განაცხადეს.

ნელი დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმესთან დაკავშირებით ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენლებმა“ ონლაინ პრესკონფერენცია გამართეს. ადვოკატების განცხადებით, თუკი ადამიანი წარმატებულია რაიმე საქმეში, არ ნიშნავს, რომ მისი მხრიდან ძალადობაზე არ ვისაუბროთ.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არის ეს ქალი და რა როლი აქვს მას თავად ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებაში. ნიკოლოზ ბასილაშვილი ნამდვილად არის ბევრი ადამიანისთვის სპორტულ სამყაროში მისაბაძი ადამიანი და მისი დამსახურებები ნამდვილად ხაზგასასმელია. ეს ყველას გვიხარია. თუმცა, ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ წარმატებული ადამიანი კონკრეტულ სფეროში ან კონკრეტული მიმართულებით უნდა ძალადობდეს ვინმეზე, მარტო იმის გამო, რომ რადგან ის არის უდავოდ წარმატებული, ჩვენ გავჩუმდეთ. ეს არ ნიშნავს არც სამართლებრივ სახელმწიფოს და არც, ალბათ, განვითარებულ საზოგადოებას, რომელიც ხშირად მოუწოდებს ქალს, რომ მოითმინოს ძალადობა მარტო იმის გამო, რომ ადამიანი, რომელზეც საუბრობს, წარმატებულია და სახელმწიფოს წარმოადგენს. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, სრულიად საფუძვლიანია ის პრეტენზიები, რომლებიც წარდგენილია საგამოძიებო ორგანოში, ეს რეალურად მხოლოდ ბატონი ნიკოლოზის დამსახურებით ხდება. ვწუხვართ, მაგრამ თუ მის კარიერას, მის დღევანდელ მდგომარეობას რაიმე დისკომფორტი შეექმნა, ერთადერთი, ვისკენაც მას შეუძლია ხელი გაიშვიროს, საკუთარი თავია“, – განაცხადეს ადვოკატებმა.

მათივე განცხადებით, ნიკოლოზ ბასილაშვილს თავის წარმატებული კარიერაში ნელი დოროყაშვილის როლზე არაერთხელ უსაუბრია.

„ამავდროულად უნდა ვისაუბროთ, თუ რა როლი აქვს ყოფილ მეუღლეს მის პირად წარმატებაში. ქალბატონი ნელი, პრაქტიკულად, დაახლოებით რვა წელი იყო ნიკოლოზ ბასილაშვილთან თანაცხოვრებაში. ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატება პირდაპირ უკავშირდება მათი თანაცხოვრების პერიოდს. ამაზე თავად ნიკოლოზი საუბრობს არა ერთ მედიაგადაცემაში, ბეჭდურში თუ სატელევიზიოში და ის აღიარებს აწ უკვე მისი ყოფილი ცოლის როლს თავის სპორტულ კარიერაში. ასე რომ, თუ ვინმეს და ძალიან ბევრს გიამაყიათ ბატონი ნიკოლოზის წარმატებით, უნდა იცოდეთ, რომ მისი წარმატება დიდწილად დაკავშირებულია მის ოჯახთან და, პირველ რიგში, მის ყოფილ ცოლთან. ნელი, იმისათვის რომ მხარი დაეჭირა მეუღლისთვის, უარს ამბობდა პირად კარიერულ წარმატებაზე. მან კარიერა ჯერ კიდევ საჯარო სამსახურში დაიწყო. არაერთი მიმართულებით ჰქონდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ შემოთავაზება, მაგრამ საკუთარი ნებით გააკეთა არჩევანი დახმარებოდა მეუღლეს და ეზრუნა შვილზე. ასე რომ იმ კარგ საქმეში, რითიც ჩვენ ყველანი უნდა ვამაყობდეთ, ნელის წვლილი არის ძალიან დიდი, – განაცხადა ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა.

ამასთან, განცხადება გაავრცელა ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახმაც, რომელშიც ნათქვამია, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს.

მიმართვა გაავრცელა თავად ჩოგბურთელმა, სადაც აცხადებს, რომ სიმართლეს სასამართლოში, იურისტების დახმარებით, აუცილებლად დაამტკიცებს.