ნელი დოროყაშვილის ადვოკატების განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილი სოლიდურ თანხას აძლევდა ყოფილ მეუღლეს, უსაფუძვლოა
ნელი დოროყაშვილის ადვოკატების განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილი სოლიდურ თანხას აძლევდა ყოფილ მეუღლეს, უსაფუძვლოა

ამ ეტაპამდე გამოძიებასთან პრეტენზია არ გაგვაჩნია და იმედი გვაქვს, რომ პროკურატურა ქალის ინტერესების შესაბამისად დაასრულებს გამოძიებას, – ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველებმა განაცხადეს.

ნელი დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმესთან დაკავშირებით ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენლებმა“ ონლაინპრესკონფერენცია გამართეს. ადვოკატებმა საქმის გარკვეულ დეტალებზე ისაუბრეს, თუმცა მტკიცებულებების გასაჯაროებისგან, როგორც თავად აღნიშნეს, გამოძიებისა და მცირეწლოვანი შვილის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თავი შეიკავეს.

ამასთან, ადვოკატების განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილი სოლიდურ თანხას აძლევდა ყოფილ მეუღლეს, უსაფუძვლოა.

„გვსურს, შევეხოთ 100 ათასი დოლარის საკითხს. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს არის ქონებრივი ინტერესი და საქმე ამიტომ არის აღძრული. ეს საკითხი შემდეგია. ადამიანები თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონების თანამესაკუთრეები არიან. საქართველოს კონსტიტუციით, ერთად ცხოვრების დროს შეძენილ ქონებას განქორწინების დროს ყოფილ მეუღლეებს ეკუთვნით. 100 ათასი დოლარი, თითქოს ეს იყო ბასილაშვილის საჩუქარი და წყალობა, არასწორია. ეს არის თანხა, რომელიც სასამართლომ მიაკუთვნა ნელი დოროყაშვილს. გაიყო ქონება ორ კონკრეტულ ნაწილად. ნელი დოროყაშვილი გაცილებით ნაკლებ თანხას დათანხმდა, რადგან არ სურდა, დავაში შესვლა ბავშვის ინტერესის გათვალისწინებით. ის დათანხმდა მორიგებაზე. ჯერ მხოლოდ 15 ათასი დოლარის გადახდა განხორციელდა. ეს ხდება გაწერილი ვადის მიხედვით. ასე რომ, კამათი და ჭორები, რომ ნიკოლოზი სოლიდურ თანხას აძლევდა ყოფილ მეუღლეს, უსაფუძვლოა“, – განაცხადეს ნელი დოროყაშვილის ადვოკატებმა.

ამასთან, ნელი დოროყაშვილის ადვოკატების განცხადებით,  თუ ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერას, დღვანდელ მდგომარეობას რაიმე დისკომფორტი შეექმნა, ეს მხოლოდ ბასილაშვილის გამო მოხდა.

„ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ სრულიად საფუძვლიანია ის პრეტენზიები, რომელიც სგამოძიებო ორგანოშია წარდგენილი. ეს რეალურად მხოლოდ ბატონი ნიკოლოზის დამსახურებით ხდება. ვწუხვართ, მაგრამ თუ მის კარიერას, მის დღევანდელ მდგომარეობას რაიმე დისკომფორტი შეექმნა, ერთადერთი, ვისკენაც მას შეუძლია ხელი გაიშვიროს, საკუთარი თავია“, – განაცხადეს ადვოკატებმა, რომელთა თქმითაც, ნელი დოროყაშვილი  მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია და პრესკონფერენციაში მონაწილეობა ვერ შეძლო.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა.

ამასთან, განცხადება გაავრცელა ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახმაც, რომელშიც ნათქვამია, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს.

მიმართვა გაავრცელა თავად ჩოგბურთელმაც, სადაც აცხადებს, რომ სიმართლეს სასამართლოში, იურისტების დახმარებით, აუცილებლად დაამტკიცებს.

დატოვე კომენტარი