ნეიტრალური ფინეთი - ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის ადგილი
ნეიტრალური ფინეთი - ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის ადგილი

სულ რამდენიმე დღეში ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტი ჰელსინკიში პირველ ისტორიულ შეხვედრას გამართავენ. 16 ივლისის სამიტის გარშემო უკვე დიდი ხანია როგორც პოლიტიკური ლიდერების, ისე საერთაშორისო მედიის ყურადღება არ ცხრება. გლობალური მასშტაბით მსჯელობენ, რა თემებს განიხილავენ აშშ-ისა და რუსეთის ლიდერები და როგორ შედეგს გამოიღებს საერთაშორისო მასშტაბით მათი შეხვედრა.

ისტორიული სამიტის გასამართად ოფიციალურმა ვაშინგტონმა და მოსკოვმა ჰელსინკი აირჩიეს. ფინეთის დედაქალაქზე არჩევანის შეჩერება შემთხვევითი არ არის. ჰელსინკიმ ათწლეულების განმავლობაში უკვე უმასპინძლა ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ლიდერების რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას.

ფინეთის დედაქალაქი ცივი ომის დროს დიპლომატიური შეხვედრების ეპიცენტრად იყო ცნობილი. სამიტების სერია 1975 წელს გაიხსნა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯერალდ ფორდი და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, ლეონიდ ბრეჟნევი ერთმანეთს შეხვდნენ. უსაფრთხოების სამიტზე ამერიკის შეერთებული შტატების და საბჭოთა კავშირის ლიდერებმა 33 სახელმწიფოს კოლეგებთან ერთად „ჰელსინკის ჩანაწერის“ სახელით ცნობილ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. დეკლარაცია კომუნისტურ პარტიასა და დასავლეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას ითვალისწინებდა. შედეგად ცივი ომის შედეგად გამოწვეული დაძაბულობა ეტაპობრივად ჩაცხრა და საბოლოო ჯამში საბჭოთა კავშირის დასასრულის დასაწყისი დაიწყო.

1990 წელს ჰელსინკიში აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ჰერბერტ ბუშსა და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის უკანასკნელ გენერალურ მდივან, მიხეილ გორბაჩოვს შორის შედგა შეხვედრა. სამიტი სპარსეთი ყურის კრიზისის დროს, ერაყის პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის მიერ ქუვეითის დაპყრობიდან დაახლოებით ერთ თვეში გაიმართა.

 

1997 წელს კი ჰელსინკიმ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის პირველ პრეზიდენტს ბორის ელცინსა და თეთრი სახლის ლიდერ, ბილ კლინტონს უმასპინძლა. ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტები შეხვედრას ოპტიმისტურად აფასებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პერიოდში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების გამო დასავლეთში ვითარება განსაკუთრებით იყო დაძაბული, ნატო-ს გეგმები, ალიანსში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების სახით ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით, რუსეთისთვის მიუღებელი იყო.

უახლოეს დღეებში კი ჰელსინკის ისტორიაში კიდევ ერთი გლობალური მასშტაბის შეხვედრა ჩაიწერება. 16 ივლისს ფინეთის დედაქალაქში ერთმანეთს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი შეხვდებიან.

 

დატოვე კომენტარი