„ნეშენალ ინტერესტი“ - საქართველო ამერიკასთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას იმსახურებს
„ნეშენალ ინტერესტი“ - საქართველო ამერიკასთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას იმსახურებს

საქართველო ამერიკასთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას იმსახურებს. ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „ნეშენალ ინტერესტი“.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, თბილისმა დაამტკიცა, რომ იმსახურებს აშშ-ის ერთგულებასა და ძლიერ ალიანსს.

„11 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, სასტიკი 5-დღიანი ომის პროვოცირებით. დღეისათვის რუსეთს საქართველოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და განაგრძობს შეჭრას საქართველოს ტერიტორიებზე, „მცოცავი ანექსირების“ კამპანიით.

მიუხედავად რუსეთის დამღუპველი გავლენისა, საქართველომ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია გასული დეკადის განმავლობაში. მთავრობა განაგრძობს სვლას დასავლეთთან დიდი ინტეგრაციისკენ და მნიშვნელოვან წინსვლას საქართველოს ეკონომიკის ლიბერალიზაციისკენ.

2008 წლიდან ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ასპირანტი ქვეყანა საქართველო განსაკუთრებულად მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან. 2014 წლიდან თბილისი ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებაში შევიდა. სხვა დებულებებთან ერთად, ამ პაქტმა შექმნა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, რითაც მისცა საქართველოს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ე.წ. ოთხი თავისუფლება: საქონლის თავისუფალი მოძრაობა, სერვისები, კაპიტალი და ხალხი“, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიის თანახმად, საქართველომ ასევე შეინარჩუნა მტკიცე პარტნიორობა აშშ-სთან. მას წლების განმავლობაში წვლილი შეაქვს აშშ-ის ავღანეთის მისიაში და ამ დრომდე 870 სამხედრო ჰყავს იქ განთავსებული. ეს არ არის უკანა რიგებში ყოფნა. საქართველომ ავღანეთში კოალიციურ პარტნიორებს შორის ყველაზე მაღალი მსხვერპლი გაიღო.

„საქართველომ გამორჩეული სამუშაო შეასრულა საბჭოთა კავშირის წარსულის ბორკილების მოსაშორებლად და ეკონომიკის ლიბერალიზაციისთვის. „ჰერითაჯ ფაუნდეიშენი“ 1996 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს ეკონომიკის თავისუფლების ინდექსს. ამ დროის განმავლობაში, საქართველომ „ეკონომიკურად რეპრესირებული“ ქვეყნის რანგიდან „ეკონომიკურად თავისუფალი“ ქვეყნების რიგებში გადაინაცვლა. მისი ზრდა ინდექსის რეიტინგში 124-დან 16-ზე საუკეთესო გაუმჯობესებაა. წლების განმავლობაში აშშ საქართველოსთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას განიხილავდა. ახლა კი ამის გაკეთების დროა. ერთი მხრივ, ეს იქნებოდა აშშ-ის მხარდაჭერის ხელშესახები დემონსტრირება საქართველოსთვის, რაღაც განსაკუთრებით სასურველი მომდევნო წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. გამომდინარე იქიდან, რომ კამპანიის განმავლობაში, პრორუსული პროპაგანდა დაიწყებს მტკიცებას, რომ აზრი არ აქვს პროდასავლური პარტიებისთვის ხმის მიცემას, ვინაიდან დასავლეთი (სავარაუდოდ) არასდროს უპასუხებს საქართველოს მოთხოვნებს, აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გაანადგურებდა ამ არგუმენტს. თუმცა, საქმე მხოლოდ რუსეთს არ ეხება. ეკონომიკური რეფორმებისა და საერთაშორისო არენაზე დასავლეთის გმირული მხარდაჭერის წყალობით, საქართველომ დაამტკიცა, რომ ღირსია თავისუფალი სავაჭრო პარტნიორობის“, – აღნიშნულია სტატიაში.

როგორც გამოცემა იუწყება, სავაჭრო შეთანხმებაზე მაღალი დონის დიალოგი აშშ-სა და საქართველოს შორის არსებობს, რომელიც 2012 წლის იანვარში დაიწყო.

საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე აღწერილია დიალოგი, როგორც „ პლატფორმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის, რომელსაც სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალი აქვს“.

„აშშ-მა და საქართველომ ასევე ხელი მოაწერეს ორმხრივი ინვესტირების შეთანხმებას და ორმხრივ სავაჭრო და საინვესტიციო ჩარჩო-ხელშეკრულებას. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება მხოლოდ გააძლიერებს ისედაც ძლიერ საქართველო-აშშ-ს სავაჭრო ურთიერთობას, თუმცა, თუ აშშ მოისურვებს, იქონიოს დაუყოვნებლივი გავლენა საქართველოს შემდგომ დასავლურ ინტეგრაციაზე და მისი მხარდაჭერის დემონსტრირება განახორციელოს, მაშინ კონგრესს სჭირდება, სწრაფად დაამტკიცოს კელი დეგნანი საქართველოში აშშ-ის ელჩად. წელიწადნახევრის განმავლობაში აშშ-ის საელჩოს თბილისში ელჩი არ ჰყოლია და ამის შედეგი იგრძნობა ქართველებში. საქართველომ დაამტკიცა, რომ იმსახურებს აშშ-ის ანგარიშვალდებულებასა და ძლიერ ალიანსს. მან ასევე აჩვენა, რომ აქვს უნარი და იმსახურებს თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას აშშ-სთან. დასაკარგი დრო არ არის“, – აღნიშნულია სტატიაში.