„ნეფთჩი“-„დინამოს“ მატჩის წინ - აზერბაიჯანში გულშემატკივრები სტადიონზე დაუშვეს #1TVSPORT
უეფა-ს ეგიდით ჩასატარებელ ტურნირებზე აზერბაიჯანის კლუბებს საშინაო მატჩებზე გულშემატკივრების დასწრების უფლება მისცეს – ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციამ გაავრცელა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბი დადებითად გამოეხმაურა აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციის თხოვნას და დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების მიხედვით, მატჩებზე შესაძლებელია ტრიბუნების ტევადობის 50 პროცენტამდე შევსება.
აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციამ უკვე გაუგზავნა ევროტურნირებზე მონაწილე კლუბებს შესაბამისი ინფორმაცია COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით ყველა მოთხოვნისა და რეკომენდაციის შესახებ, აგრეთვე სანიტარული და ჰიგიენური წესების დაცვასთან დაკავშირებით.
ამჟამად აზერბაიჯანი წარმოდგენილია ოთხი გუნდით და ეს მოთხოვნა იმას ნიშნავს, რომ ბაქოს „ნეფთჩი” ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში „დინამო თბილისს“ 14 ივლისს მაყურებლით უმასპინძლებს.