ნედ პრაისი - აშშ არ მოითმენს თავის არჩევნებში ჩარევას, საიდანაც არ უნდა ხდებოდეს ეს
ნედ პრაისი - აშშ არ მოითმენს თავის არჩევნებში ჩარევას, საიდანაც არ უნდა ხდებოდეს ეს

აშშ არ მოითმენს თავის არჩევნებში ჩარევას, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

„ჩვენ ყველამ ვიცით, განსაკუთრებით დღეს, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ამერიკული საზოგადოების, ამერიკული დემოკრატიის ქვაკუთხედი. ჩვენ არ მოვითმენთ ჩვენს არჩევნებში ჩარევას, საიდანაც არ უნდა ხდებოდეს ეს. ჩვენ ვაჩვენეთ ეს არა მხოლოდ ჩვენი სიტყვებით, არამედ ჩვენი ქმედებებითაც“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე კრემლთან დაკავშირებულმა რუსმა ბიზნესმენმა, ევგენი პრიგოჟინმა განცხადება გაავრცელა რუსეთის მიერ აშშ-ის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით: „ბატონებო, ჩვენ ვერეოდით, ვერევით და ჩავერევით. ფრთხილად, სიზუსტით, ქირურგიულად, როგორც ეს ვიცით“.

პრიგოჟინი აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო სასანქციო სიაშია შეყვანილი და გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ არის ძებნილი. ის მიიჩნევა სანკტ პეტერბურგში დაფუძნებული „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს“ მფლობელად, რომელიც ასევე „ტროლების ფაბრიკის“ სახელით არის ცნობილი.

ნედ პრაისმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მა ევგენი პრიგოჟინისა და მისი „ინტერნეტ-კვლევების სააგენტოს“ წინააღმდეგ არჩევნებში ჩარევისთვის ჯერ კიდევ 2018 წელს დააწესა სანქციები, 2021 წელს კი სანქციები დაუწესდა რუსეთს. გარდა ამისა, ამავე მიზეზით შეზღუდვები დაუწესდა ირანსაც.

„ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ იგივე ნებისმიერი ქვეყნის ან ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელიც ეცდება ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.