ნედ პრაისი - არც ერთ ქვეყანას, რამდენად დიდი და ძლიერიც უნდა იყოს, არ აქვს უფლება, დაადგინოს საზღვრები, დააშინოს და აიძულოს პატარა ქვეყნები
არც ერთ ქვეყანას, რამდენად დიდი და ძლიერიც უნდა იყოს, არ აქვს უფლება, დაადგინოს საზღვრები, დააშინოს და აიძულოს პატარა ქვეყნები, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე, რუსეთის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„საუბარია საერთაშორისო წესრიგის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპზე, რომლის თანახმადაც, არც ერთ ქვეყანას, რამდენადაც დიდი და ძლიერი უნდა იყოს ის; როგორ სამხედრო ძალას უნდა ფლობდეს ის; იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას ბირთული იარაღი; არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, დაადგინოს საზღვრები, დააშინოს პატარა ქვეყნები, აიძულოს ისინი, რომ მის ინტერესებს მისდიონ. ამ კონტექსტში ამ პრინციპის დარღვევას არ დავუშვებთ“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, აშშ მხარს უჭერს დიალოგს, თუმცა ნებისმიერი დიალოგი უნდა ემყარებოდეს ნაცვალგების პრინციპებს. ამასთან, ნედ პრაისის თქმით, რუსეთთან დიალოგი ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით უნდა წარიმართოს.
„თეთრმა სახლმა დღეს აღნიშნა, რომ მზად ვართ, ჩავერთოთ დიპლომატიურად მრავალი არხით, მათ შორის ნატო-რუსეთის საბჭოს, ეუთო-ს საშუალებით და საჭიროების შემთხვევაში, ორმხრივ დონეზე. დიალოგი და დიპლომატია არის ის, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ, თუმცა ნებისმიერი დიალოგი და დიპლომატია უნდა ემყარებოდეს ნაცვალგების პრინციპებს; მან უნდა უპასუხოს ჩვენს შეშფოთებებს რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით და, რაც მთავარია, ის უნდა გაიმართოს ევროპაში ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით. არაფერი მათ შესახებ მათ გარეშე. ევროპის უსაფრთხოებაზე რუსეთთან არანაირი მოლაპარაკებები არ გაიმართება ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების გარეშე“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
გასულ კვირაში რუსეთმა გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან ხელშეკრულებების პროექტები, რომლებიც მოიცავს ევროპაში უსაფრთხოების ორმხრივ გარანტიებს; კერძოდ, შუალედური და მოკლე რადიუსის რაკეტების მოსაზღვრე რეგიონებში განთავსებისგან და აღმოსავლეთით ნატო-ს შემდგომ გაფართოებაზე უარის თქმას. შეგახსენებთ, მანამდე მოსკოვმა დასავლეთისგან მოითხოვა საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმება და შესაბამისი იურიდიული გარანტიების გაფორმება.