აშშ-ის ნებრასკას შტატში წყალდიდობის გამო სამხედრო ბაზა „ოფატი“ დაიტბორა. ბაზაზე 200 შენობიდან 60 დაზიანდა. სტიქიის გამო წყლით დაიფარა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის კილომეტრამდე ნაწილი. „ოფატის“ ბაზაზე აშშ-ის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული სარდლობის შტაბბინა მდებარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავიაბაზიდან რამდენიმე თვითმფრინავი, მათ შორის RC-135 ჯერ კიდევ 16 მარტს გაფრინდა. მდინარე მისურიში წყლის დონის მკვეთრი მატების მიზეზი, წვიმის გამო თოვლისა და ყინულის დნობა გახდა. შედეგად, მდინარემ რამდენიმე ადგილზე ჯებირები გაარღვია. ნებრასკას შტატში კაშხლის გარღვევის გამო 500-მდე სახლი განადგურდა. სტიქიის მიზეზით ნებრასკასა და აიოვას შტატებში სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაკარგულად ითვლება. ათასობით ადამიანი ევაკუირებულია.