ნებისმიერი განცხადება მაუწყებელში არსებული ფინანსური პრობლემების შესახებ, უსაფუძვლო და არაკომპეტენტურია
ნებისმიერი განცხადება მაუწყებელში არსებული ფინანსური პრობლემების შესახებ, უსაფუძვლო და არაკომპეტენტურია

საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ხმებთან დაკავშირებით მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს:

გვსურს, გამოვეხმაუროთ იმ უსაფუძვლო, არაკომპეტენტურ და არასწორ განცხადებებს, რომლებიც ბოლო დღეებში საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ვრცელდება.

ცალკეული პირები და ორგანიზაციები ცდილობენ სიტუაციის დრამატიზებას და იმგვარად წარმოჩენას, თითქოს მაუწყებელი რაიმე ტიპის ინფორმაციას მალავს და ფინანსური პრობლემების გამო იღებს სესხს.

გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ფინანსურად სრულიად გამჭვირვალე ერთადერთი ტელევიზია საქართველოში და მის მიერ დახარჯულ თითოეულ ლარზე სამეურვეო საბჭოს, საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და დამოუკიდებელი გარე აუდიტის მიერ ხორციელდება კონტროლი.

ტელევიზიის მძიმე ტექნიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად, მენეჯმენტმა შეიმუშავა ტექნიკური გადაიარაღების გეგმა, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია მხოლოდ საკრედიტო რესურსით, რადგან ერთბაშად ამ მოცულობის თანხის გადახდა შეუძლებელია არა მარტო საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, არამედ ნებისმიერი სხვა ტელევიზიისთვის ან სხვა პროფილის ორგანიზაციისთვისაც კი. ტექნიკური გადაიარაღების გეგმის ღირებულება დაახლოებით 45 მილიონ ლარს შეადგენს და ამ თანხის მოსაზიდად საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მტკიცება არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ საფინანსო ინსტიტუტები მსგავს კრედიტს არ გასცემენ მიზნობრიობის გარეშე და ახორციელებენ უმკაცრეს კონტროლს, რამდენად მიზნობრივად იხარჯება სესხი.

გარდა ამისა, ცალკეული პირები და ორგანიზაციები ცდილობენ ღია კარის შემტვრევას და სასამართლოს გზით იმ ინფორმაციის მოპოვებას, რომელიც ჯერ არ არსებობს. საუბარია იმ დოკუმენტაციაზე, რომლის საფუძველზე უნდა მოხდეს სესხის აღება. მაუწყებლის მენეჯმენტმა სამეურვეო საბჭოს შესთავაზა სესხის აღების, მისი მიზნობრიობის და დაფარვის ზოგადი სქემა, რათა მოეცა თანხმობა მოლაპარაკებების დაწყებაზე. შესაბამისად, დეტალური გეგმა, სატენდერო დოკუმენტაცია, დაფინანსების სქემა, სესხის პარამეტრები – ვადიანობა, საპროცენტო განაკვეთი და ყველა სხვა დეტალი უნდა დამუშავებულიყო მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობის შემთხვევაში და ეს პროცესი ასეც მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, დოკუმენტი დეტალური დამუშავების პროცესშია და დასრულებული სახით არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ ის საფინანსო ინსტიტუტები, რომლებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, დეტალურად სწავლობენ მაუწყებლის ფინანსურ მდგომარეობას, აფასებენ რისკებს და ფინანსური პრობლემების არსებობის შემთხვევაში, სესხი არ გაიცემა.

აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებელი:

– სესხს ვერ აიღებს ფინანსთა სამინისტროს თანხმობის გარეშე;
– სესხს ვერ აიღებს სამეურვეო საბჭოს თანხმობის გარეშე;
– სესხს ვერ აიღებს დეტალური გეგმის გარეშე, რომელიც საფინანსო ინსტიტუტს უნდა წარედგინოს;
– ვერცერთ თეთრს ვერ დახარჯავს აღებული სესხის წინასწარ განსაზღვრული მიზნობრიობის გარეშე;
– სესხით შესაძენი ტექნიკა უნდა ჩაიდოს სესხის უზრუნველყოფის მიზნით.

გამომდინარე აქედან, მოსაზრებები და ეჭვები, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი შეფარულად, თითქოს ტექნიკური გადაიარაღებისთვის აპირებს სესხის აღებას, რომელსაც სხვა მიზნებით გამოიყენებს, არის უსაფუძვლო, არაკომპეტენტური და არასერიოზული განცხადება. შესაბამისად, ეს არის მცდელობა, ჩრდილი მიადგეს მაუწყებლის სრული ტექნიკური გადაიარაღების პროცესს, რომელიც მისი არსებობის განმავლობაში პირველად ხდება.

აქვე განვმარტავთ, რომ აქტიურად მიმდინარეობს ტელევიზიის ახალი შენობის პროექტირების პროცესი, პარალელურად საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაცია, რომლითაც სრულად დაფინანსდება პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ტელევიზიის ახალი შენობის აშენება. მაუწყებლის არსებობის განმავლობაში პირველად მოხდება ორგანიზაციის სრული ინფრასტრუქტურული და ტექნიკური განახლება. ამ მიზნის მისაღწევად მაუწყებელს გააჩნია შესაბამისი რესურსი და ნებისმიერი განცხადება არარსებული ფინანსური პრობლემების შესახებ არის ამ პროცესის დისკრედიტაციის მცდელობა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მოუწოდებს პროცესით დაინტერებულ ყველა ორგანიზაციას, არ წამოეგონ უსაფუძვლო განცხადებებს, რომლებიც შესაძლოა მათ შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდეს, გადაამოწმონ გავრცელებული განცხადებების საფუძვლიანობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ სამართლიანი გადაწყვეტილება.

დატოვე კომენტარი