„ნებისმიერი ჟურნალისტი არ შეიძლება წავიდეს სპეცოპერაციის გასაშუქებლად“
„ნებისმიერი ჟურნალისტი არ შეიძლება წავიდეს სპეცოპერაციის გასაშუქებლად“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე პლენარულ სხდომაზე ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ჟურნალისტების მუშაობის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დასავლეთში მსგავსი მოვლენების გასაშუქებლად სპეციალური ცოდნისა და გამოცდილების მქონე ჟურნალისტები დადიან.

დეპუტატის თქმით, სახიფათო გარემოში სამუშაოდ ნებისმიერი ჟურნალისტის გაშვება არ შეიძლება.

„დიდი ამბავი იყო ატეხილი ჟურნალისტებთან დაკავშირებით, უნდა დაეშვათ – არ დაეშვათ, იყვნენ – არ იყვნენ. ცხადია, ჟურნალისტის ინტერესია, გააშუქოს ყველაფერი, უნდა გააშუქოს. არსებობს ამის რეგულაციები, მაგრამ როცა მაგალითი მოჰყავთ, რომ ვთქვათ, ამერიკაში და სხვა ქვეყნებში ჟურნალისტები ცეცხლის ხაზზეც გადიან და სხვა, არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ჟურნალისტებს აქვთ სპეციალური აკრედიტაცია საშიშ გარემოში მუშაობისთვის და ნებისმიერი ჟურნალისტი არ შეიძლება იქ წავიდეს. ესენი არიან გამოცდილი ადამიანები, რომლებიც ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ამ სიტუაციაში ყოფილან და ის, რომ მაგალითად ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ამ წუთში ოჯახურ ურთიერთობებს აშუქებს და ათ წუთში უთხრა, შედი შენ, იმუშავე, ეს არის უფრო მეტი მსხვერპლის მოტანის შესაძლებლობა. ამიტომ ამ მხრივაც ვფიქრობთ ჩვენ, რომ უნდა იყვნენ ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ შესაბამისად იმუშაონ ამ სიტუაციაში და რაც მთავარია, როგორც მოზარდი თაობა, ისე ჩვენი ყველა სამსახურის თანამშრომლები და მოსახლეობაც, მეტად გავაცნობიეროთ, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ დაზღვეული არც ადამიანების ხელით მოწყობილი ასეთი კატასტროფებიდან და არც ბუნებრივი მოვლენებიდან გამოწვეული კატასტროფებიდან“, – აღნიშნა გუგული მაღრაძემ.