ნდობის ჯგუფი მომავალი წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელ საიდუმლო შესყიდვებს განიხილავს
ნდობის ჯგუფი მომავალი წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელ საიდუმლო შესყიდვებს განიხილავს

ნდობის ჯგუფი დღევანდელ სხდომაზე საიდუმლო შესყიდვების შესახებ მსჯელობს, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

როგორც ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ჯგუფის წევრები იმ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს მოუსმენენ, რომლებმაც საიდუმლო შესყიდვები უნდა განახორციელონ.

„მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი მზადდება. შესაბამისად, კანონის თანახმად, ნდობის ჯგუფმა საიდუმლო შესყიდვების ის ნაწილი უნდა განიხილოს, რომელიც შემდგომ ბიუჯეტში აისახება. ყველა ძალოვან უწყებას მოვუსმენთ, რომლებსაც საიდუმლო შესყიდვები აქვთ. ვიმსჯელებთ არამხოლოდ თანხის გახარჯვის მიზნებზე, არამედ პრობლემებსა და გამოწვევებზე“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი თქმით, საკუთარ პოზიციას ნდობის ჯგუფი დასკვნაში დააფიქსირებს.

ამასთან, დეპუტატის განცხადებით, ის ნდობის ჯგუფს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო შემოწმების შესახებ ანგარიშს წარუდგენს.

ნდობის ჯგუფის სხდომა საკანონმდებლო ორგანოში დღეს იმართება.