NDI სოციოლოგიური კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს 
NDI სოციოლოგიური კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობას კვლავ აწუხებს ეკონომიკისა და ჯანდაცვის პრობლემები.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, რამდენიმეთვიანი პოლიტიკური კრიზისისა და კორონავირუსის პანდემიის მიმდინარე შედეგების ფონზე, საზოგადოება პესიმისტურად არის განწყობილი ქვეყნის მიმართულებისა და ინსტიტუტების საქმიანობის მიმართ. მოქალაქეები არჩეული თანამდებობის პირებისგან მოსახლეობის საჭიროებებზე – ეკონომიკასა და სოციალურ პრობლემებზე – ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას ელოდებიან.

„კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობა და კორონავირუსის გავლენა მოქალაქეებისთვის კვლავ მთავარ პრობლემებად რჩება. მოსახლეობა მათთვის და მათი ოჯახებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად სამუშაო ადგილებს, სიღარიბესა და ფასების ზრდას/ინფლაციას ასახელებს, რაც პანდემიის ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. უმრავლესობა (68 პროცენტი) ამბობს, რომ პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, ნაკლები რაოდენობის პროდუქტის, სურსათისა და სერვისის შეძენის ფინანსური საშუალება აქვს. გარდა ამისა, მოსახლეობის თითქმის მეოთხედი ამბობს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ მათ ან სამსახური დაკარგეს (8 პროცენტი) ან შემოსავალი/ხელფასი შეუმცირდათ (13 პროცენტი). მოსახლეობის ყველაზე დიდი ჯგუფი ამბობს, რომ კვლავ უმუშევარია“, – აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის თანახმად, მოქალაქეების 42 პროცენტი ფიქრობს, რომ კორონავირუსის პანდემიასთან მიმართებაში ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის.

„თითქმის ნახევარი (45 პროცენტი) ამბობს, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ცუდად მიმდინარეობს. საყურადღებოა, რომ მოქალაქეების 42 პროცენტს ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. ინფორმაციის ნაკლებობა განსაკუთრებით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებში (47 პროცენტი). მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამბობს, რომ არ იცის თუ როგორ დარეგისტრირდეს საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვაქცინაციის ონლაინ პლატფორმაზე. ეს მაჩვენებელი სოფლის ტიპის დასახლებებში 71 პროცენტია. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი კვლავ მაღალია. მხოლოდ 35 პროცენტი ამბობს, რომ აიცრებოდა, ხოლო 47 პროცენტი – არ აიცრებოდა. ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი ყველაზე მეტად 55 წლამდე მოსახლეობაში, თბილისისს გარეთ მცხოვრებ ადამიანებში და ეკონომიკურად ნაკლებად შეძლებულ მოქალაქეებში შეინიშნება. ვაქცინის მიმართ უარყოფითად განწყობილი ადამიანები მთავარ მიზეზებად ვაქცინის ხარისხსა (47 პროცენტი) და ვაქცინის ჯანმრთელობის პრობლემებთან შეუთავსებლობას ასახელებენ (20 პროცენტი)“, – აღნიშნულია კვლევაში.

„ვაქცინაციის პროცესის გამართულობა და მოსახლეობის ინფორმირებისთვის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების გამოყენება გადამწყვეტ როლს ითამაშებს იმაში, რომ ხელისუფლებამ ამ უმნიშვნელოვანესი მისიის შესრულება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფა მოახერხოს. მოსახლეობაში ინფორმაციის ნაკლებობამ, შესაძლოა, შეაფერხოს ვაქცინაციის პროცესი და მოქალაქეებს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში შეუშალოს ხელი. ქვეყნის მმართველობის მიმართ საზოგადოების ნდობის აღდგენა ყველა პოლიტიკური ლიდერის, განსაკუთებით ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხისმგებლობაა. ამისათვის კი საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების (როგორიცაა ეკონომიკა და ჯანდაცვა) გადაჭრის გზების მოძიებაა აუცილებელი. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების პრიორიტეტები არ განსხვავდება პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, რაც პოლიტიკური პარტიებისთვის ერთად მუშაობის შესაძლებლობას იძლევა“, – განაცხადა  NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა, ალან გილამმა.

კვლევის მიხედვთ, პოლიტიკური კრიზისისა და კორონავირუსის პანდემიის ორმაგმა გამოწვევამ ქვეყნის მიმართულებისა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ ნდობის შემცირებას შეუწყო ხელი.

„მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება (23 პროცენტი) და მხოლოდ 35 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატიაა. აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის შემცირებული 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით; მაშინ მოსახლეობის 39 პროცენტი ამბობდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა, ხოლო 48 პროცენტი მიიჩნევდა, რომ ქვეყანაში დემოკრატია იყო. მსგავსი ტენდენცია მთავრობის საქმიანობის შეფასებაშიც შეინიშნება: მოქმედი მთავრობის საქმიანობას დადებითად მხოლოდ მესამედი აფასებს, მაშინ როდესაც 2020 წლის დეკემბერში ეს რიცხვი 50 პროცენტს შეადგენდა. საზოგადოებას სურს, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა ეკონომიკაზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე გააკეთოს აქცენტი. სამწუხაროდ, მოსახლეობას არ სჯერა, რომ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობა პარლამენტის პრიორიტეტია; საზოგადოების ნახევარზე მეტი (55 პროცენტი) ამბობს, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე კანონებს არ იღებს, ხოლო 54 პროცენტი ფიქრობს, რომ თუ პარლამენტის წევრს მის დასახლებაში არსებული პრობლემის შესახებ ეტყვის, ის ამ პრობლემის მოსაგვარებლად ნაბიჯებს არ გადადგამს. მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედს მიაჩნია, რომ პარლამენტი რეგულარულად ეკონტაქტება მოქალაქეებს. NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი გამოკითხვები“, – აღნიშნულია კვლევაში.

აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.