NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება
NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება

საქართველოში 28 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დააკვირდება. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა სადამკვირვებლო დელეგაციის ჩამოსვლის შესახებ დღეს განაცხადა.

NDI-ის ინფორმაციით, მუშაობის პროცესში დელეგაცია დაეყრდნობა NDI-ის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიგნებებს, რომელიც საქართველოს ივლისში სტუმრობდა; ასევე გრძელვადიანი ანალიტიკოსების შეფასებებს, რომლებიც საქართველოში სექტემბრიდან იმყოფებიან.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ყოფილი დირექტორი; დამა ოდრი გლოვერი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი პერ ეკლუნდი, დანიაში აშშ-ის ყოფილი ელჩი ლორი ფულტონი, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი, საერთაშორისო ექსპერტი საარჩევნო საკითხებში მარია ბაბიჩი, NDI-ის საქართველოს, თურქეთისა და ცენტრალური აზიის პროგრამების დირექტორი მელისა მუსიო და NDI-ის საქართველოს ოფისის უფროსი დირექტორი ლორა თორნტონი.

NDI-ის სადამკვირვებლო მისია არჩევნების წინასწარი შეფასების ანგარიშს 29 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე გამოქვეყნებს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინფორმაციით, NDI-ის სადამკვირვებლო მისია საქმიანობას მიუკერძოებლად, პროფესიონალურად და საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციის შესაბამისად განახორციელებს. ასევე, საარჩევნო პერიოდის განმავლობაში NDI ადგილობრივ სადამკვირვებლო ჯგუფებთან და საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.

NDI-ის სადამკვირვებლო საქმიანობას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.