NDI-ის სადამკვირვებლო მისია საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს დააკვირდება
NDI-ის სადამკვირვებლო მისია საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს დააკვირდება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს დააკვირდება.

ამის შესახებ ინფორმაციას NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია ჩამოვა.

როგორც NDI-ში აცხადებენ, მუშაობის პროცესში დელეგაცია დაეყრდნობა NDI-ის სადამკვირვებლო მისიის მიგნებებს პირველი ტურის შემდეგ; ასევე გრძელვადიანი ანალიტიკოსების შეფასებებს, რომლებიც საქართველოში სექტემბრიდან იმყოფებიან.

„დელეგაციის წევრები არიან: ლორი ფულტონი, აშშ-ის ყოფილი ელჩი დანიაში; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში; მარია ბაბიჩი, საერთაშორისო ექსპერტი საარჩევნო საკითხებში; ლორა ლინდერმანი, ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი; სარა ვოტერსონი, რეგიონის ექსპერტი; და ლორა თორნტონი, NDI-ის საქართველოს ოფისის უფროსი დირექტორი.

NDI-ის სადამკვირვებლო მისია საქმიანობას მიუკერძოებლად, პროფესიონალურად და საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციის შესაბამისად განახორციელებს. საარჩევნო პერიოდის განმავლობაში NDI ადგილობრივ სადამკვირვებლო ჯგუფებთან და საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. სადამკვირვებლო საქმიანობას აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს“, – აღნიშნულია NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციაში.

სადამკვირვებლო მისია არჩევნების წინასწარი შეფასების ანგარიშს 29 ნოემბერს პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნებს.