NDI-ს კვლევის მიხედვით, ტელევიზიით ინფორმაციის მიმღებთა რაოდენობა 12 პროცენტით შემცირდა, ინტერნეტით ინფორმაციის მიღების მაჩვენებელი კი 11 პროცენტით გაიზარდა
NDI-ს კვლევის მიხედვით, ტელევიზიით ინფორმაციის მიმღებთა რაოდენობა 12 პროცენტით შემცირდა, ინტერნეტით ინფორმაციის მიღების მაჩვენებელი კი 11 პროცენტით გაიზარდა

გამოკითხულთა 57 პროცენტი აცხადებს, რომ ინფორმაციას ძირითადად ტელევიზიიდან იღებს, 35 პროცენტი კი ინტერნეტს ასახელებს, – ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.

კითხვაზე, ძირითადად რომელი წყაროდან იღებთ ხოლმე ინფორმაციას პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ გამოკითხულთა 57-მა პროცენტმა ინფორმაციის მიღების პირველ წყაროდ ტელევიზია დაასახელა, 35-მა პროცენტმა კი ინტერნეტი და სოციალური მედია.

ამასთან, ინფორმაციის მიღების მეორე წყაროდ ტელევიზიას გამოკითხულთა 24 პროცენტი ასახელებს, ინტერნეტსა და სოციალურ მედიას კი 26 პროცენტი.

გაზეთებსა და ჟურნალებს ინფორმაციის პირველ წყაროდ გამოკითხულთა ერთი პროცენტი ასახელებს, მეორე წყაროდ კი ორი პროცენტი. ინფორმაციის პირველ ან მეორე წყაროდ რადიოს ასახელებს თითო-თითო პროცენტი.

2019 წლის ნოემბერში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, 12 პროცენტით არის შემცირებული იმ რესპონდენტთა რიცხვი, რომლებიც ინფორმაციის ძირითად წყაროდ ტელევიზიას ასახელებენ, ხოლო 11 პროცენტით გაიზარდა რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ინფორმაციის ძირითად წყაროდ ინტერნეტსა და სოციალურ მედიას ასახელებენ.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ სოციალური მედია, როგორც ინფორმაციის წყარო, მნიშვნელოვნად გაიზარდა 2014 წლის შემდეგ. 2014 წელს ინფორმაციის ძირითად წყაროდ ტელევიზიას 84-85 პროცენტი ასახელებდა, ხოლო ინტერნეტსა და სოციალურ მედიას 7-8 პროცენტი.

NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.