NDI-ის კვლევა - გამოკითხულთა 53 პროცენტი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ აიცრებოდა
NDI-ის კვლევა - გამოკითხულთა 53 პროცენტი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ აიცრებოდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მოსახლეობა კორონავირუსის აცრის მიმართ კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი.

ამავე კვლევით, მთავრობის ვაქცინაციის გეგმას ეფექტურად მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები (42 პროცენტი) აფასებს და მხოლოდ 35 პროცენტი ამბობს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში აიცრებოდა; 53 პროცენტი აცხადებს, რომ არ აიცრებოდა, 12 პროცენტი კი შეკითხვაზე პასუხობს: „არ ვიცი“.

კვლევის თანახმად, ქალები და 55 წელს ქვემოთ ასაკის მოქალაქეები, სხვებთან შედარებით, ვაქცინაციის მიმართ უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილნი. ამასთან, კვლევის თანახმად, ისინი ვინც ამბობენ, რომ აცრას არ გაიკეთებენ, მიზეზად ასახელებენ ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობას (48 პროცენტი) და რწმენას, რომ პანდემიის გადალახვა ვაქცინაციის გარეშეც შეძლებენ (20 პროცენტი).

მოქალაქეები „კოვიდ-19“-ის შესახებ ინფორმაციას უმეტესად ტელევიზიიდან (60 პროცენტი) ან ინტერნეტით (35 პროცენტი) იღებენ, კორონავირუსის ვანქცინასთან დაკავშირებით ინფორმაციის სანდოობის მხრივ კი, გამოკითხულები გამოარჩევენ სამედიცინო სფეროს მუშაკებს 74 პროცენტი, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 68 პროცენტი, ასევე გამოკითხულთა 47 პროცენტი ენდობა ეკლესიას.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.​​ NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.