NDI - ინსტიტუტების შეფასება უცვლელია, გამონაკლისია მხოლოდ პრეზიდენტი, რომლის საქმიანობის დადებითი შეფასება თითქმის გაორმაგდა
NDI - ინსტიტუტების შეფასება უცვლელია, გამონაკლისია მხოლოდ პრეზიდენტი, რომლის საქმიანობის დადებითი შეფასება თითქმის გაორმაგდა

ინსტიტუტების შეფასება უცვლელია, გამონაკლისია მხოლოდ პრეზიდენტი, მისი საქმიანობის დადებითი შეფასება თითქმის გაორმაგდა, – ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდით შემდეგი ინსტიტუტების საქმიანობას, 2022 წლის მარტის კვლევისას გამოკითხულთა 26 პროცენტი კარგად აფასებს პრემიერ-მინისტრის საქმიანობას (32% – საშუალოდ, 36% – უარყოფითად, 6% – არ ვიცი). პრემიერის საქმიანობას 2021 წლის დეკემბერში დადებითად 27 პროცენტი აფასებდა (27% – საშუალოდ, 35% – ცუდად).

რაც შეეხება პრეზიდენტს, მის საქმიანობას 2021 წლის დეკემბერში კარგად 14 პროცენტი აფასებდა, მიმდინარე წლის მარტში კი ეს მაჩვენებელი 24 პროცენტამდე გაიზარდა. 29 პროცენტისთვის პრეზიდენტის საქმიანობა 2021 წლის დეკემბერში საშუალო შეფასებას იმსახურებდა, 2022 წლის მარტში კი საშუალო შეფასების მაჩვენებელი 42 პროცენტამდე გაიზრდა. ამასთან, 22 პროცენტით შემცირდა უარყოფითად შეფასების მაჩვენებელი (46 პროცენტიდან 24 პროცენტამდე).

პარლამენტის საქმიანობას 2022 წლის მარტის გამოკითხვაში კარგად აფასებს 13 პროცენტი, 40 პროცენტი – საშუალოდ, 40 პროცენტი კი უარყოფითად. გასული წლის დეკემბერში დადებითი შეფასების მაჩვენებელი 12 პროცენტს შეადგენდა, საშუალო – 33 პროცენტი, ხოლო უარყოფითი – 46 პროცენტი.

რაც შეეხება ჯარს, მისი შეფასება თითქმის უცვლელია. 50 პროცენტი ჯარის საქმიანობას დადებითად აფასებს, 21 პროცენტი საშუალოდ, შვიდი პროცენტი კი ცუდად.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით, CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევა დღეს გამოქვეყნდა. კვლევის ავტორების ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.