NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა ჯანდაცვის სისტემას ენდობა
NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა ჯანდაცვის სისტემას ენდობა

მოსახლეობის უმრავლესობა ჯანდაცვის სისტემას ენდობა, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალ კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის თანახმად, ჯანდაცვის სისტემას ნაწილობრივ ან სრულად ენდობა გამოკითხულთა 73 პროცენტი.

კითხვაზე – ზოგადად, რამდენად ენდობით ან არ ენდობით საქართველოს ჯანდაცვის სისტემას, 23 პროცენტი აცხადებს, რომ სრულად ენდობა, 50 პროცენტი ნაწილობრივ ენდობა. ნაწილობრივ არ ენდობა 11 პროცენტი, საერთოდ არ ენდობა 14 პროცენტი. არ იცის ორმა პროცენტმა.

მთავრობის მიერ პანდემიის მართვას დადებითად აფასებს 50 პროცენტი, ცუდად – 43 პროცენტი, არ იცის – შვიდმა პროცენტმა.

გამოკითხულთა 37 პროცენტი მიიჩნევს, რომ პანდემიასთან დაკავშირებით ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ არის, 31 პროცენტი კი თვლის, რომ ყველაზე ცუდი უკან დარჩა. 12 პროცენტის აზრით, კორონავირუსი დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

გამოკითხულთა უმრავლესობა, 64 პროცენტი აცხადებს, რომ საკმარისი ინფორმაცია აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ. 33 პროცენტი კი აცხადებს, რომ არ აქვს საჭირო ინფორმაცია.

კითხვაზე, გაიკეთებდით თუ არა „კოვიდის“ საწინააღმდეგო ვაქცინას, გამოკითხულთა 42 პროცენტი აცხადებს, რომ არ გაიკეთებდა, 29 პროცენტი უკვე აცრილია, 25 პროცენტი კი ამბობს, რომ ვაქცინას გაიკეთებდა. სამმა პროცენტმა არ იცის.

რაც შეეხება ვაქცინის ბუსტერდოზას, ვაქცინირებულ მოქალაქეთა 63 პროცენტი აცხადებს, რომ აპირებს ბუსტერის გაკეთებას, გამოკითხულთა 14 პროცენტი არ აპირებს, სამმა პროცენტმა უკვე გაიკეთა, 20-მა პროცენტმა კი არ იცის.

ბავშვების ვაქცინაციის თემაზე დასმულ კითხვაზე გამოკითხულთა 59 პროცენტი აცხადებს, რომ შვილს არ აცრიდა. 26 პროცენტი აცრის მომხრეა, 15-მა პროცენტმა კი არ იცის.

NDI-ს ინფორმაციით, კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.