NDI - გამოკითხულთა უმეტესობა ინსტიტუტებითა და ლიდერებით უკმაყოფილოა
NDI - გამოკითხულთა უმეტესობა ინსტიტუტებითა და ლიდერებით უკმაყოფილოა

გამოკითხულთა უმეტესობა ინსტიტუტებითა და ლიდერებით უკმაყოფილოა, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალ კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა. დადებითად აფასებს 39 პროცენტი, ხოლო უარყოფითად 52 პროცენტი. შვიდმა პროცენტმა არ იცის, ორი პროცენტი კი პასუხზე უარს აცხადებს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს 27 პროცენტი, საშუალოდ ასევე 27 პროცენტი, უარყოფითად – 35 პროცენტი, არ იცის ათმა პროცენტმა, ორი პროცენტი კი პასუხზე უარს აცხადებს.

14 პროცენტი აფასებს დადებითად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას, 29 პროცენტი – საშუალოდ, 46 პროცენტი – უარყოფითად. ათმა პროცენტმა არ იცის, ერთი პროცენტი კი პასუხზე უარს აცხადებს.

პარლამენტის მუშაობას დადებითად აფასებს 12 პროცენტი, საშუალოდ – 33 პროცენტი, ცუდად – 46 პროცენტი. შვიდმა პროცენტმა არ იცის, ერთი პროცენტი კი პასუხზე უარს აცხადებს.

რაც შეეხება ცესკო-ს საქმიანობას, მას დადებითად აფასებს 22 პროცენტი, საშუალოდ – 28 პროცენტი, უარყოფითად – 35 პროცენტი. 14-მა პროცენტმა არ იცის, ხოლო ერთი პროცენტი პასუხზე უარს აცხადებს.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, მოსახლეობას კვლავ არ სჯერა, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს.

53 პროცენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტი ამტკიცებს კანონებს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. ამ მოსაზრებას მხოლოდ 36 პროცენტი ეთანხმება. 42 პროცენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტი ეფექტურად უწევს ზედამხედველობას მთავრობის საქმიანობას. ამ დებულებას მხოლოდ 35 პროცენტი ეთანხმება. 61 პროცენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტი რეგულარულად ეკონტაქტება მოქალაქეებს. ამ მოსაზრებას მხოლოდ 28 პროცენტი ეთანხმება.

NDI-ს ინფორმაციით, კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.