NDI - გამოკითხულთა ნახევარი მიიჩნევს, რომ მთავრობა მოქალაქეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას კარგად ართმევს თავს
NDI - გამოკითხულთა ნახევარი მიიჩნევს, რომ მთავრობა მოქალაქეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას კარგად ართმევს თავს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ნახევარი მიიჩნევს, რომ მთავრობა მოქალაქეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას „კარგად“ ართმევს თავს.

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, ამ კუთხით ყველაზე მეტ კმაყოფილებას სოფლის ტიპის დასახლებებში გამოხატავენ (58 პროცენტი). თუმცა, კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობის 57 პროცენტი ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის კუთხით მთავრობას „ცუდად“ აფასებს.

მასწავლებლების ცოდნასა და პროფესიონალიზმს უმრავლესობა „საშუალოდ“ (43 პროცენტი) ან „კარგად“ (42 პროცენტი) აფასებს.

მოქალაქეები კერძო სკოლებს, საჯარო სკოლებთან შედარებით, შემდეგ საკითხებთან მიმართებაში ოდნავ უკეთესად აფასებენ: უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა, განათლების ხარისხი, კლასგარეშე აქტივობები, კარგ უნივერსიტეტში მოხვედრის შანსი და პროფესიული კარიერისთვის მომზადება. მოქალაქეების ყველაზე დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ კერძო მასწავლებელი (რეპეტიტორი) აუცილებელია სკოლაში კარგად სწავლისთვის (47 პროცენტი), სკოლის საატესტატო გამოცდებისა (55 პროცენტი) და ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად (73 პროცენტი).

კვლევის თანახმად, უმაღლესი განათლების კუთხით, სახელმწიფო უნივერსიტეტები კერძო სასწავლებლებზე ოდნავ უკეთესად ფასდება. კარგი სამსახურის საშოვნელად განათლება მთავარ კრიტერიუმად არ განიხილება. მოსახლეობის 37 პროცენტი ფიქრობს, რომ სამსახურის ძიებისას ნაცნობობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

„მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა სახელმწიფო განათლების სისტემას ნეიტრალურად ან კარგად აფასებს, რეპეტიტორების ასეთი საჭიროება იმაზე მიუთითებს, რომ სკოლა მოსწავლეებისთვის სათანადო განათლების მიწოდებას ვერ ახერხებს.

საჯარო განათლებაში დროული რეფორმები აუცილებელია, განსაკუთრებით იმისათვის, რომ აღმოიფხვრას უთანასწორობა იმათ შორის ვისაც ხელი მიუწვდება კერძო სკოლებსა და რეპეტიტორებზე და ვისაც ამისი შესაძლებლობა არ გააჩნია“, – განაცხადა NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა.

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირიინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.