NDI - გამოკითხულთა 43% ეთანხმება მოსაზრებას, რომ კრიზისების დროს მთავრობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს
NDI - გამოკითხულთა 43% ეთანხმება მოსაზრებას, რომ კრიზისების დროს მთავრობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 43 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას – „მჯერა, რომ კრიზისების დროს ჩემი მთავრობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“. მათ შორის, 15 პროცენტი ამ მოსაზრებას სრულად ეთანხმება.

ამასთან, 58 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ჩემი საზოგადოება კარგად გაუმკლავდა კრიზისებს წარსულში და მომავალ კრიზისებსაც კარგად გაუმკლავდება“.  43 პროცენტი კი, მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საყოველთაო კრიზისის დროს, საზოგადოება მხარს დაუჭერს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებებს, მათ შორის მოსაზრებას „ჩემს ქვეყანაში, საყოველთაო კრიზისის დროს, საზოგადოება მხარს დაუჭერს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებებს“ სრულად ეთანხმება 13 პროცენტი.

აღნიშნული გამოკითხვა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.