NDI - ევროკავშირისა და ნატო-ს მხარდაჭერა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
NDI - ევროკავშირისა და ნატო-ს მხარდაჭერა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილის (38 პროცენტი) აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, მოქალაქეების შეფასებით, სასამართლო სისტემის, კორუფციის, კრიმინალის, სამუშაო ადგილების, სიღარიბის, ტერიტორიული მთლიანობისა და ფასების ზრდის კუთხით სიტუაცია არასწორი მიმართულებით ვითარდება.

როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, გარკვეული გაუმჯობესება შეიმჩნევა სიტყვის თავისუფლებასთან, ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებასთან, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებასთან, მედიის დამოუკიდებლობასთან და განათლებასთან მიმართებაში.

ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა იზრდება: ევროკავშირში წევრობას მოსახლეობის 83 პროცენტი უჭერს მხარს, ნატო-ს წევრობას კი 78 პროცენტი ემხრობა, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ საკითხთან მიმართებაში მოსახლეობა გარკვეულ პროგრესს ხედავს, განსაკუთრებით ნატო-სა და ევროკავშირის მხარდაჭერის კუთხით, მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხი გადაწყვეტილების მიმღები პირების მხრიდან კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ეს საკითხებია: სასამართლო სისტემა, კრიმინალის დონის ზრდა და სუსტი ეკონომიკა,“ – განაცხადა NDI საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა.

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.