NDI-ის დირექტორთა საბჭომ ახალ პრეზიდენტად ყოფილი ელჩი, დერეკ მიტჩელი აირჩია
NDI-ის დირექტორთა საბჭომ ახალ პრეზიდენტად ყოფილი ელჩი, დერეკ მიტჩელი აირჩია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორთა საბჭომ ახალ პრეზიდენტად ყოფილი ელჩი, დერეკ მიტჩელი აირჩია.

„დემოკრატიის ახალი გამოწვევები მთელ მსოფლიოში ჩვენი დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. ჩემთვის დიდი პატივია აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა. ამ კრიტიკულ დროს ოქროს სტანდარტი კვლავაც დემოკრატია და მისი განვითარება იქნება“,- განაცხადა მიტჩელმა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.

„მოხარული ვარ, რომ დერეკ მიტჩელი ასეთ კრიტიკულ მომენტში დათანხმდა თანამდებობის დაკავებას, როდესაც დემოკრატიული ინსტიტუტი და ფასეულობები გლობალურად საფრთხის ქვეშაა. მისი მრავალფეროვანი კარიერა აჩვენებს, რომ დერეკი ინოვატორი და წარმატებული ლიდერია. ის ჩვენი პატივცემული პრეზიდენტის, კენეტ ვოლაკის ღირსეული შემცვლელი იქნება“,- განაცხადა NDI-ის თავმჯდომარემ, მადლენ ოლბრაითმა.

დერეკ მიტჩელმა კარიერა 1986 წელს დაიწყო. მას სენატორ ედვარდ კენედის ოფისში საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ასისტენტის პოზიცია ეკავა. 1997-2001 წლებში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აზიის და წყნარი ოკეანის საკითხებში სპეციალური ასისტენტი იყო. 2001-2009 წლებში საერთაშორისო სწავლების და სტრატეგიის ცენტრში აზიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2012-2016 წლებში დერეკ მიტჩელი მიანმარში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად მუშაობდა.

1990-იან წლებში კი დერეკ მიტჩელი თითქმის ოთხი წელი მუშაობდა NDI-ში. ის ჯერ აზიაში, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის ყოფილ სახელმწიფოებში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პროგრამებს ხელმძღვანელობდა.
დერეკ მიტჩელი NDI-ის პრეზიდენტის მოვალეობას 2018 წლის 4 სექტემბრიდან შეუდგება.