NBC - ომიდან ათი წლის შემდეგ, პუტინის მხარდაჭერით მიმდინარე „ბორდერიზაციის“ გამო, საქართველო ტერიტორიებს კარგავს
NBC - ომიდან ათი წლის შემდეგ, პუტინის მხარდაჭერით მიმდინარე „ბორდერიზაციის“ გამო, საქართველო ტერიტორიებს კარგავს

„ომიდან ათი წლის შემდეგ, პუტინის მხარდაჭერით მიმდინარე „ბორდერიზაციის“ გამო, საქართველო ტერიტორიებს კარგავს“ – ამ სათაურით რეპორტაჟს ამერიკული NBC აქვეყნებს.

ჟურნალისტ ალექსანდრ სმიტის მიერ მომზადებულ მასალაში ვრცლად არის მიმოხილული, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება.

„მიუხედავად ვაშინგტონის არაერთი განცხადებისა, მოსკოვის მხარდაჭერით მოქმედი სამხედროები საქართველოს ტერიტორიაზე სულ უფრო შიგნით მიიწევენ“, – წერს NBC-ის რეპორტიორი.

რეპორტაჟის ავტორის თქმით, იმის საფრთხე, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ერთხელაც რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდებიან, საკმაოდ მაღალია. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ხანდახან მიწის გარკვეულ ნაწილს საქართველო ერთ ღამეში კარგავს. დილით მოქალაქეებს ე.წ. „სასაზღვრო ნიშნები“ და სათვალთვალო კამერები უკვე დამონტაჟებული ხვდებათ.

„ე.წ. საზღვრის მუდმივი ცვლილების გამო, საზოგადოება უკვე დაყოფილია, ხალხის ნაწილი კი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ბევრი ამას მდუმარე, მცოცავ ოკუპაციად მიიჩნევს, რომელიც ევროპის პერიფერიაზე, ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერით მიმდინარეობს“, – წერს ავტორი.

რეპორტაჟში მოყვანილია საქართველოში დისლოცირებული ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის კომენტარიც, რომელიც საოკუპაციო ზოლთან არსებულ ვითარებას რთულსა და მიუღებელს უწოდებს.

„ე.წ. საზღვრის გამაგრება გრძელდება და ის დღითიდღე უფრო შეუღწევადი ხდება. 2009 წლიდან სიტუაცია გაცილებით რთულია. თუ 4-5 წლის წინანდელ სიტუაციას შევადარებთ, დღეს არსებული ვითარება ნაკლებად მოქნილია“ – აცხადებს NBC-სთან საუბარში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰეგი.

როგორც პუბლიკაციაში ნათქვამი, „ჰერითეიჯ ფაუნდეიშენის“ ინფორმაციით, 2011 წლიდან დღემდე „ბორდერიზაციის“ 56 შემთხვევა დაფიქსირდა. აშშ-ი და მისი მოკავშირე ქვეყნები ამ პროცესს საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებენ.

რეპორტაჟის ავტორი აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მაგალითად თბილისთან ახლოს მიმდინარე სამხედრო წვრთნებს ასახელებს, რომელშიც 1170 ამერიკელი სამხედრო მონაწილეობს.

„საქართველო გეოგრაფიულად ახლო აღმოსავლეთს, რუსეთს, ირანსა და თურქეთს შორისაა მოქცეული და კასპიის ზღვაში მოპოვებული ნავთობის მნიშვნელოვან სატრანზიტო დერეფანს წარმოადგენს. საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ხაზს უსვამს ისიც, რომ აშშ-ი ამ ქვეყანას ყოველწიურად 100 მილიონი დოლარით ეხმარება, რაც ამერიკული ბიზნესის მხარდაჭერას, დემოკრატიის გაძლიერებასა და საქართველოს NATO-ს წევრობასთან დაახლოებას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია NBC-ის რეპორტაჟში.

სტატიის ავტორი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელისაბედ რუდს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ვაშინგტონი ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას.

„ჩვენ ძლიერად ვუჭერთ მხარს საქართველოს მათ გზავნილში რუსეთისადმი და დე-ფაქტო რეჟიმებისადმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით და ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე, რაც ახლაც გრძელდება“ – განაცხადა ელისაბედ რუდმა.

 

წყარო: NBC