NBA | სანდრო მამუკელაშვილი 34-ქულიანი მატჩის შემდეგ - საკუთარი თავის უნდა გჯეროდეს #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ შინ „ნიუ იორკ ნიქსი“ 120:105 დაამარცხა. მამუმ მოედანზე 19 წუთი და 27 წამი დაჰყო. ამ დროში ქართველმა კალათბურთელმა საკუთარ გუნდს 34 ქულა შესძინა.
ეს NBA-ს რეკორდია – 20 წუთზე ნაკლებ დროში ჩაგდებული 34 ქულა. აქამდე NBA-ს ისტორიაში 20 წუთზე ნაკლებ დროში ყველაზე მეტი ქულა (33) ჯეილენ ბრაუნს ჰქონდა მოპოვებული.
„განსაკუთრებული საღამო იყო, – თქვა მამუკელაშვილმა პრესკონფერენციაზე, – მე ეს ჩემი ოჯახისთვის გავაკეთე, შეხვედრას მამაჩემი ესწრებოდა, ჩემი ძმაც აქ იყო. ძალიან ვაფასებ ჩემი თანაგუნდელების, სამწვრთნელო შტაბის შრომას.
როდესაც NBA-ში თამაშობ, შესაძლოა, სათამაშო დრო ცოტა გქონდეს ან როტაციაში ვერ მოხვდე, მაგრამ ყოველდღიურად საკუთარ თავზე უნდა მუშაობდე, უმჯობესდებოდე, სათამაშოდ ყოველთვის მზად უნდა იყო, გჯეროდეს საკუთარი თავის. ამიტომაც ვარ აქ.
ამ დღეს დიდი ხანია, ველი. NBA-ში ჩემი რეკორდი 28 ქულა იყო და თამაშისას, როდესაც 24 ქულა მქონდა, გავიფიქრე, ნეტავ ასე განვაგრძო და რეკორდზე ავიდე-მეთქი. ძალიან მიხარია, 34 ქულა რომ ჩავაგდე“.