NBA-ის კლუბების მფლობელები მოთამაშეთა ფსიქიკურ მდგომარეობაზე ცნობებს ითხოვენ
NBA-ის კლუბების მფლობელები მოთამაშეთა ფსიქიკურ მდგომარეობაზე ცნობებს ითხოვენ

ჰიუსტონ როკეტსის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ჯონ ლუკასმა განაცხადა, რომ “კლივლენდის” ფორვარდი კევინ ლავი, რომელმაც საკუთარ ფსიქიკურ პრობლემებზე ისაუბრა, ერთადერთი მოთამაშე არ არის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, ვინც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა.

„კევინი არ არის ერთადერთი. NBA-ის მოთამაშეთა 40 პროცენტზე მეტს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. ამასთან, ხუთ პროცენტზე ნაკლები მიმართავს კლინიკებს დახმარებისთვის.
მსგავსმა პრობლემებმა მარტივად შეიძლება მიგიყვანოთ ალკოჰოლიზმამდე და ნარკოტიკულ დამოკიდებულებამდე. ეს ჩვენს ლიგაში ეპიდემიაა”, – განაცხადა ლუკასმა ESPN-თან კომენტარში.

ლავის გარდა, პანიკური შეტევებისა და დეპრესიის შესახებ განაცხადა “სან ანტონიოს” ვარსკვლავურმა ახალწვეულმა დემარ დეროზანმაც. სწორედ ამ განცხადებების შემდეგ, ESPN-ის მიმომხილველმა ჯეკი მაკმალენმა დაწერა, რომ NBA-ის კლუბების მფლობელები აპირებენ, მოითხოვონ ინფორმაცია კალათბურთელთა ფსიქიკურ მდგომარეობაზე. მათ უნდათ უფრო მეტი იცოდნენ იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე, რომლებშიც ასობით მილიონ დოლარს დებენ.

თავის მხრივ, მოთამაშეთა პროფკავშირმა გამოაცხადა, რომ მსგავსი მოთხოვნები არღვევს მოთამაშეთა უფლებებს კონფიდენციალურობაზე.