NBA | გოგა ბითაძის „ორლანდომ“ მიმდინარე სეზონში მეხუთე მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

„ორლანდო მეჯიქმა“ მიმდინარე სეზონში მე-11 მატჩი გამართა და მეხუთე მოიგო. ფლორიდელებმა „პორტლენდს“ უმასპინძლეს და 115:112 დაამარცხეს.

ბითაძის გუნდი მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე 13 ქულით ლიდერობდა, თუმცა „პორტლენდმა“ 11:0 გაქცევა მოაწყო და სირენამდე 2 წუთით ადრე 112:110 დაწინაურდა. გადამწყვეტი დესმონდ ბეინის საფინალო სირენასთან ერთად ჩაგდებული სამქულიანი აღმოჩნდა – 115:112 მაპინძელთა სასარგებლოდ.

ორლანდოელთა შემადგენლობაში 28 ქულით პაოლო ბანკერო გამოირჩა, გოგა ბითაძეს კი 18 წუთში 7 ქულა, 5 მოხსნა, 2 დაფარება და თითო პასი-ჩაჭრა ჰქონდა. მან 3-დან 1 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო გამოიყენა. ბეინიმ მატჩი 22 ქულით დაასრულა.

„მეჯიქი“ აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-11 ადგილზეა. მომდევნო მატჩს 13 ნოემბერს სტუმრად „ნიუ იორკთან“ გამართავს.