ნაზი ჯანეზაშვილი - უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების სიაში ნახავთ ადამიანებს, რომლებმაც მართლმსაჯულებაზე ძალიან მძიმე კვალი დატოვეს
ნაზი ჯანეზაშვილი - უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების სიაში ნახავთ ადამიანებს, რომლებმაც მართლმსაჯულებაზე ძალიან მძიმე კვალი დატოვეს

უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების სიაში ნახავთ ადამიანებს, რომლებიც წლებია, მოსამართლეები არიან და მართლმსაჯულებაზე ძალიან მძიმე კვალი დატოვეს, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

„უბრალოდ რომ დაგუგლოთ, ნახავთ, რომ მათ ანგარიშზე ძალიან ბევრი გახმაურებული საქმეა და ისეთი საქმეები, სადაც საზოგადოების მხრიდან საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი, გარკვეული პრეტენზიები და პროტესტი იყო“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მისი თქმით, ეს ადამიანები ხელისუფლებაში მოსვლამდე, დღევანდელ ხელისუფლებას სასამართლო სისტემის მეშვეობით ებრძოდნენ, როგორც შეეძლოთ და მათ შორის, ერთ-ერთი მოსამართლე გვრიტიშვილია.

როგორც ჯანეზაშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი საერთაშორისო სტანდარტით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები დამსახურების გამო უნდა ინიშნებოდნენ და გაუგებარია, ეს ადამიანები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები რა მიზეზით, რა საფუძვლით და რა დამსახურებისთვის უნდა იყვნენ.

„ძალიან მაინტერესებს, რა დამსახურება აქვს მიქაუტაძეს ან გვრიტიშვილს, რომელსაც ამ ქვეყნისთვის ზიანის მეტი არაფერი მოუტანია?! ახლა უზენაესიდან უნდა გველაპარაკოს?! და სხვებს და სხვებს“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ აქვს იმედი და მოლოდინი, რომ პარლამენტი ამ საკითხს რაციონალურად მიუდგება, რადგან ამით ქვეყნის ბედი წყდება.

„დიახ, ეს გახდება მომავალი თაობების პრობლემა. შეიძლება, დღეს ვამბობთ, რომ არაუშავს ერთი წელი, ორი წელი. თითქოს, ამ ვითარებას მივეჩვიეთ, რომ სასამართლო სისტემაში მიქაუტაძეები, ჩინჩალაძეები და სხვები არიან, მაგრამ ამ ადამიანებს არ უნდა მივეჩვიოთ და არ უნდა შევეგუოთ, რადგან ნამდვილად არ მინდა, სასამართლო სისტემაში 25 წელი ისევ ესენი იყვნენ და ამ ფორმით მართავდნენ, თავისი ლიდერობით, კერძო ინტერესების მიხედვით და ა.შ. ამიტომ, მაქვს იმედი და მოლოდინი, რომ პარლამენტი რაციონალურად იმსჯელებს, რადგან პარლამენტის წევრებმა ყველაზე კარგად იციან, ეს ადამიანები ვინ არიან“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.