ნაზი ჯანეზაშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატის დარღვევაზე მალე ინფორმაციას გამოვაქვეყნებ
ნაზი ჯანეზაშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატის დარღვევაზე მალე ინფორმაციას გამოვაქვეყნებ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი არის მოქმედი მოსამართლე, რომელსაც სავარაუდოდ კორუფციული წარსული აქვს. როგორც ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მოსამართლის სახელსა და გვარს საჯაროდ მას შემდეგ დაასახელებს, როცა მის წარსულ საქმიანობაზე შესწავლას დაასრულებს.

„უახლოეს მომავალში ერთ-ერთ კანდიდატზე გამოვაქვეყნებ ინფორმაციას, რომელიც არის საჯარო. მე, შევისწავლე იმ ადამიანის წარსული და საკითხი ეხება ძალიან სერიოზულ დარღვევას, რომელიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს კორუფციას. ეს ადამიანი გადავიდა და მოხვდა 50-კაციან სიაში. ის არის მოქმედი მოსამართლე და მის შესახებ აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა.

ყველა წყარო, რაზე დაყრდნობითაც გავაკეთებ განცხადებას, იქნება აბსოლუტურად დოკუმენტირებული და მტკიცებულებებით გაჯერებული. როცა ასეთი ადამიანი ხვდება 50-კაციან სიაში, რომელსაც აქვს სერიოზული დარღვევა წარსულში, ვფიქრობ, პროცესი არაობიექტურად მიმდინარეობს.

ამასთან, ვიცით, რომ საბჭოს მოსამართლე წევრმა ირაკლი შენგელიამ ცოლის ძმის, ლევან თევზაძის შერჩევაში მიიღო მონაწილეობა, ასევე მოსამართლე წევრმა თამარ ონიანმა კი – მაზლის არჩევაში. ეს არის საგანგაშო ვითარება“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.