ნაზი ჯანეზაშვილი - თუ პარლამენტს აქვს პოლიტიკური ნება, მოსამართლეთა უვადო დანიშვნები შეაჩეროს, გამოსავალს მოძებნის
ნაზი ჯანეზაშვილი - თუ პარლამენტს აქვს პოლიტიკური ნება, მოსამართლეთა უვადო დანიშვნები შეაჩეროს, გამოსავალს მოძებნის

თუ პარლამენტს უნდა და აქვს პოლიტიკური ნება, რომ მოსამართლეთა უვადო დანიშვნები შეაჩეროს, ის ამას შეძლებს და გამოსავალს მოძებნის, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს არის პარლამენტის პრეროგატივა. პარლამენტის გადასაწყვეტია, როგორ სამართლებრივ ფორმას მოიფიქრებს იმისთვის, რომ კანონი შემდეგ კონსტიტუციური იყოს და არ ჰქონდეს რამე პერსპექტივა, რომ სამომავლოდ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა აღნიშნა, თავად იზიარებს იდეას, რომ მოსამართლეთა უვადო დანიშვნები შეჩერდეს.

„მე ძალიან კარგად ვხედავ შიგნით მიმდინარე პროცესებს. ვხედავ, ის უვადოდ დანიშნული მოსამართლეები როგორ იქცევიან, როგორ გამოდიან საბჭოს სხდომებზე. შეგვიძლია, დღევანდელი მაგალითიც გავიხსენოთ. თუნდაც, გაბინაშვილისა და ალანიას მოსვლა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისი თქმით, უვადოდ უკვე დანიშნულ მოსამართლეებს შორის ძალიან ბევრია ისეთი მოსამართლე, რომელიც კლანის აქტიური წევრია.

„ასეთები არიან, პირველ რიგში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც ხშირად გამოდიან. გნებავთ – გვრიტიშვილი. ის შემთხვევით არ მოხვდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში. იმიტომ არ მოხვდა შემთხვევით, რომ იქ იყვნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ჩინჩალაძის ნდობით აღჭურვილი არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქ ვერავინ მოხვდებოდა. თუ დააკვირდებით, ამ სიიდან შვიდი ადამიანი სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა და შემთხვევითი არც ეს არის“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იყო თუ არა შესაძლებელი ეკა ბესელიას პირდაპირი ან ირიბი თანხმობის გარეშე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოხვედრილიყვნენ ის არამოსამართლე წევრები, რომლებიც მას ახლა პირდაპირ უპირისპირდებიან, რადგან მაშინ, როცა საბჭოს ფორმირება მიმდინარეობდა, ეკა ბესელიას მნიშვნელოვანი თანამდებობა ეჭირა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ ძნელი სათქმელია, შიგნით რა პროცესები მიმდინარეობდა.

„ოფიციალურად, ფორმალურად, პარლამენტმა მხარი დამიჭირა. მე პირადად მხარი დამიჭირა არამხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“, ასევე „ევროპულმა საქართველომ“, სხვებს – მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“. ამ შემთხვევაში, არ ვიცი, შიგნით როგორ იყო ეს პროცესი, მაგრამ კანდიდატურებთან გასაუბრება იურიდიულ კომიტეტშიც ჩატარდა და ეს ეტაპი ყველამ გავიარეთ“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.