ნაზი ჯანეზაშვილი - თუ კანდიდატი საბჭოს წევრების ინტერესის საგანი არ არის, პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
ნაზი ჯანეზაშვილი - თუ კანდიდატი საბჭოს წევრების ინტერესის საგანი არ არის, პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ჯგუფური შეტევები ჩემდამი არის ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც გასაუბრებაზე გამოდის კანდიდატი და საბჭოს წევრები ვარაუდობენ, რომ მოხვდება სიაში, – ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი დღეს საბჭოში გამართულ გასაუბრების პროცესს.

მისი თქმით, დღევანდელი გასაუბრება ორივე კანდიდატთან წარიმართა განსხვავებულად. ჯანეზაშვილის თქმით, ერთ შემთხვევაში საბჭოს მოსამართლე წევრებისთვის მისაღები კანდიდატები მათი მხარდაჭერით სარგებლობენ, მეორე შემთხვევაში კი თუ კანდიდატი მათი ინტერესის საგანი არ არის, პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„გასაუბრება ორივე კანდიდატთან მიმართებაში რადიკალურად განსხვავდებოდა. როდესაც მოსამართლე წევრების ინტერესი არის კონკრეტული კანდიდატი, ისინი ცდილობენ რომ ეს ადამიანი დაიცვან და რაც შეიძლება დამიპირისპირდნენ. ჯგუფური შეტევები ჩემდამი არის ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც გასაუბრებაზე გამოდის კანდიდატი და საბჭოს წევრები ვარაუდობენ, რომ მოხვდება სიაში. ჩემთვის მიუღებელია ამგვარი ჯგუფური შეტევები. რაც შეეხება მეორე გასაუბრებას ის იყო შედარებით კონსტრუქციული. როცორც ჩანს, ეს კანდიდატი მაინც და მაინც დიდი ინტერესის საგანი არ არის მოსამართლე წევრებისთვის“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

დღეს საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ხვალინდელ გასაუბრებაზე გააკეთა განმარტება და განაცხადა, რომ ხვალ გასაუბრებას მოქმედი მოსამართლე მადი ჩანტლაძე და დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე გაივლიან.

„ქეთევან ცინცაძე არის დამოუკიდებელი ინსპექტორი, რომელიც საბჭომ აირჩია კონკრეტული ვადით. უფლებამოსილების რამდენიმე წელი მას ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი. ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა თანამდებობაზე კონკრეტული ვადით არჩეულმა პირმა, რომ გამოთქვა სურვილი გახდეს უზენაესი სასმართლოს მოსამართლე და რა დამსახურება აქვს მას ამ თანამდებობის დასაკავებლად“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.