ნაზი ჯანეზაშვილი - თავმჯდომარის არჩევის საკითხზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კონსულტაცია კანონდარღვევაა
ნაზი ჯანეზაშვილი - თავმჯდომარის არჩევის საკითხზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კონსულტაცია კანონდარღვევაა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კონსულტაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან თავმჯდომარის არჩევის საკითხზე კანონდარღვევაა.

მისი თქმით, კანონში არ არის საუბარი, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხზე საბჭოს წევრებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან კონსულტაცია უნდა გამართოს.

ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, თავმჯდომარის არჩევა სავარაუდოდ იმ კანდიდატებიდან მოხდება, რომლებიც პარლამენტმა 12 დეკემბერს დაამტკიცეს.

„ეს არის ძალიან სერიოზული კანონდარღვევა, ვინაიდან ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმ კონსულტაციების ფორმას, რომელიც დღეს გაიმართება უზენაეს სასამართლოში მოქმედ მოსამართლეებთან.  თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა უნდა მოხდეს პასუხისმგებლობით და ანგარიშვალდებულობით საზოგადოების წინაშე, მაშინ ასეთი კონსულტაციები უნდა გამართულიყო საზოგადოების წარმომადგენლებთან და იმ დონორ ორგანიზაციებთან, რომლებიც უამრავ პროექტებს ახორციელებენ სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად. თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისგან მივიღე უარი. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2018 წლის შემდეგ, როგორც კი მას ჰქონდა შესაძლებლობა წარედგინა პარლამენტში კანდიდატურა, ეს არ გააკეთა. როგორც ჩანს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევასთან დაკავშირებით საბჭო და ე.წ. კლანი, რომელსაც ძალაუფლება აქვს და რომელიც მართავს სასამართლო სისტემას გადაწყვიტეს დღეისათვის რომ დალოდებოდნენ უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეებით დაკომპლექტებას და შემდგომ მიეღოთ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არჩევანს გააკეთებს იმ ახალ მოსამართლეებზე, რომელიც პარლამენტმა აირჩია დეკემბერში და რომლებიც კანონდარღვევით არიან არჩეულები.

„არც ერთ მათგანს არ აქვს ლეგიტიმაცია და უფლება, რომ იყვნენ მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში ან უხელმძღვანელოს სასამართლო სისტემას და იყოს სამართლიანობის სახე, რადგან ისინი კანონდარღვევით არჩეულები არიან დეკემბერში. ამ ადამიანებს უკვე შელახული აქვთ რეპუტაცია და საბჭომ არჩევანი უნდა გააკეთოს ღირსეულ ადამიანზე. ამ კონსულტაციების მიზანი შეიძლება იყოს, რომ უახლოეს დღეებში დანიშნულია მოსამართლეთა კონფერენცია, სადაც უნდა აირჩიონ საბჭოს ახალი წევრი და მათ სურთ, აირჩიონ სასურველი წევრი. საკმაოდ მძიმე ვითარებაა ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით და არ მინდა დავუშვა, რომ იუსტიციის საბჭო მიდის ამაზე და ამ შემთხვევითაც კი სარგებლობს, რათა გააპარონ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხთან დაკავშირებით ამ ინსტანციის 22 მოსამართლესთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კონსულტაციები დღეს 15:00 საათზეა დაგეგმილი, რის შემდეგაც გაიმართება უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომა, სადაც დასახელდება თავმჯდომარეობის კანდიდატი, რომელიც პარლამენტს წარედგინება.