ნაზი ჯანეზაშვილი - სასამართლოში არსებობს ადამიანი, რომელიც ყველაფერს მართავს, მაგრამ მოსამართლედ არ მუშაობს, როგორც საქმის განმხილველი
ნაზი ჯანეზაშვილი - სასამართლოში არსებობს ადამიანი, რომელიც ყველაფერს მართავს, მაგრამ მოსამართლედ არ მუშაობს, როგორც საქმის განმხილველი

სასამართლოში არსებობს ადამიანი, რომელიც ყველაფერს მართავს, მაგრამ მოსამართლედ არ მუშაობს, როგორც საქმის განმხილველი მოსამართლე, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„ეს არის ჩინჩალაძე, რომელიც საქმეებს არ იხილავს და რომელ საქმეზეა ლაპარაკი?! ის განმხილველი მოსამართლე არ არის. ოფიციალურად არის, მაგრამ პრაქტიკულად, საქმეებზე არ მუშაობს. ის პრივილეგიებით სარგებლობს და სასამართლო სისტემაში ერთგვარი შეფია. წლების განმავლობაში კუბლაშვილის მოადგილე იყო და 10 წელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, მაგრამ საქმეებს მაშინაც არ იხილავდა“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მისი თქმით, იმ პერიოდში კუბლაშვილი ერთგვარი ბუტაფორია იყო იმ თვალსაზრისით, რომ სისტემაში მიხეილ ჩინჩალაძეს უფრო მეტი გავლენები ჰქონდა.

„დღეს, ამ ადამიანს ეს გავლენები დარჩა და კიდევ უფრო მეტად უნდა გამყარება უზენაეს სასამართლოში ყოფნით“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა აღნიშნა, სასამართლო სისტემაში არსებობს კლანი და ამ კლანის დანარჩენი წევრები ჩინჩალაძის ირგვლივ არიან შემოკრებილი.

„ბრძანებებს ჩინჩალაძე იძლევა, რადგან მთავარი პერსონა ის არის. დანარჩენები გადაწყვეტილებას მის გარეშე არ იღებენ. ეს აღიარებულია და სასამართლო სისტემაში ამის შესახებ ყველამ იცის, მაგრამ სამწუხაროდ, ღიად ყველა არ საუბრობს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.