ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლოს თავმჯდომარის ინსტიტუტის რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს
ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლოს თავმჯდომარის ინსტიტუტის რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და ამავე სასამართლოს მოსამართლესთან საბჭოს წევრების შეხვედრის შემდეგ, საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ აუცილებელია, თავმჯდომარის ინსტიტუტთან დაკავშირებით რეფორმის ჩატარება, იმისთვის რომ ინტენსიურად განხორციელდეს სასამართლოს თავმჯდომარეების კონტროლი.

მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, სასამართლო სისტემამ თავიდან აიცილოს ისეთი ტიპის დაპირისპირებები, რაც დღეს ბათუმის საქალაქო სასმართლოში თავმჯდომარესა და მოსამართლეს შორის არის.

„საბჭოსთვის დღეს მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ უნდა დავგეგმოთ სამომავლო ღონისძიებები. პირადად ჩემთვის ეს შეხვედრა იყო კიდევ ერთი ნიშანი, რომ თავმჯდომარის ინსტიტუტთან დაკავშირებით გვჭირდება გარკვეული რეფორმა. როგორც იცით, თავმჯდომარე ინიშნება ხუთი წლის ვადით და ვფიქრობ, ალბათ, კარგი იქნებოდა, პერიოდულად ხდებოდეს შეფასება, მოსამართლეების მიერ თუნდაც იმ აპარატის მიერ, რომელიც იმ სასამართლოში მუშაობს, რათა დაიხვეწოს და ის ხარვეზები, რომელიც ამჟამად გამოვლინდა, ავიცილოთ თავიდან.

ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, საბჭო ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩვენ შეგვიძლია დავგეგმოთ ღონისძიებები. პირადად მოწოდებული ვარ, რომ შეიცვალოს თავმჯდომარის ინსტიტუტთან დაკავშირებით კანონმდებლობა და ნორმები“, -განმარტა ნაზი ჯანეზაშვილმა.