ნაზი ჯანეზაშვილი - სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების საკითხზე მუშაობს
ნაზი ჯანეზაშვილი - სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების საკითხზე მუშაობს

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი დისციპლინური სამართალწარმოების საკითხზე მუშაობს, სადაც მოსამართლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების საფუძვლები ზუსტდება, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

მისი თქმით, დაზუსტდება მოსამართლის მხრიდან, რა სახის დარღვევა შეიძლება იქნას მიჩნეული გადაცდომად, რომელიც დისციპლინურ სასჯელს გამოიწვევს.

„გარდა ამისა, დღეს წარმოდგენილია პროექტი, რომელიც დამოუკიდებელი ინსპექტორისთვის ფიქსირებული ხელფასის განსაზღვრას კანონის საფუძველზე ითვალისწინებს. დღეის მდგომარეობით, ამას იუსტიციის უმაღლესი საბჭო წყვეტს, ამ საკითხის კანონით განსაზღვრა ძალიან დადებითი იქნება“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საუბარი შეეხება იმას, თუ რა უნდა გაითვალისწინოს სასამართლო რეფორმის  მეოთხე ტალღამ.

„აუცილებელია, დეტალურად დარეგულირდეს უზენაესი სასამართლოს წევრების ანუ მოსამართლეების ნომინირების საკითხი. ახალი კონსტიტუციით ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეროგატივაა, ამიტომ მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, კანონმა გაწეროს, რა პროცედურა იქნება ნომინირებისთვის და რის საფუძველზე შეეძლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ეს კანდიდატი ნამდვილად შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მაღალ პოზიციას. ვფიქრობ, ამაზეც უნდა დაიწყოს მსჯელობა, თუმცა ამ დროისთვის, მუშაობა მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების კუთხით მიმდინარეობს. განაცხადა ჯანეზაშვილმა.

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პარლამენტში მიმდინარეობს, სადაც მონაწილეები სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე მსჯელობენ.