ნაზი ჯანეზაშვილი - სამწუხაროა, რომ პარლამენტის მიერ არჩეულმა არამოსამართლე წევრებმა არ გამოიჩინეს პრინციპულობა და საზოგადოების აზრი არ გაითვალისწინეს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ განწესებას ელოდა, თუმცა როგორც ჯანეზაშვილი ამბობს, არ ეგონა, თუ კენჭისყრის პროცედურა დღესვე ჩაინიშნებოდა.
როგორც ჯანეზაშვილი აცხადებს, პროცესი ფორსირებულ რეჟიმში წარიმართა.
„ველოდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ჩანიშნა გასაუბრება. ცხადი იყო, რომ ისინი უკვე ცდილობდნენ, ძალის დემონსტრირება მოეხდინათ და რაც შეიძლება დროულად დაენიშნათ ლევან მურუსიძე.
როდესაც დაინიშნა გასაუბრება, არ გვქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კენჭისყრაც იმავე დღეს იქნებოდა, თუმცა მერე, როგორც საბჭოს მდივანმა გამოაცხადა, უმრავლესობამ გადაწყვიტა, კენჭისყრა დღესვე ჩატარებულიყო.
პროცესი წარიმართა ფორსირებულ რეჟიმში, რადგან რაც საბჭოს წევრი ვარ, არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც გასაუბრება და კენჭისყრა ერთი და იმავე დღეს ტარდებოდეს.
ამიტომ, ჩემი პოზიცია ცნობილია და სამწუხაროა, რომ არამოსამართლე წევრებმა, რომლებიც პარლამენტის მიერ არიან არჩეულები, არ გამოიჩინეს პრინციპულობა და არ გაითვალისწინეს საზოგადოების აზრი“,- განაცხადა ჯანეზაშვილმა.
ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ განწესებას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხარი დაუჭირა.