ნაზი ჯანეზაშვილი - საკმაოდ ძველი ბიჭები გვყავს საბჭოში, აქ მიდის საქმის გარჩევებიც 
ნაზი ჯანეზაშვილი - საკმაოდ ძველი ბიჭები გვყავს საბჭოში, აქ მიდის საქმის გარჩევებიც 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, წევრთა ნაწილის მხრიდან გაღიზიანება მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და კითხვას მოყვა, რომელიც ერთ-ერთ მოსამართლეს დაუსვა, თუ რის საფუძველზე მოითხოვა გასაუბრებიდან ანა დოლიძის აცილება.

“ეს გასაუბრება სრულიად ამოვარდნილია კალაპოტიდან, ვიდრე დაიწყებოდა გასაუბრება სერგო მეთოფიშვილმა, რომელიც იუსტიციის საბჭოს წევრია, მოითხოვა ჩემგან პასუხები, თუ რატომ მივეცი მედიას კომენტარი, რომ ისინი არღვევენ ეთიკის ნორმებს. დიახ, ისინი არღვევენ ეთიკის ნორმებს. ნებისმიერი მოქმედება, რასაც ახორციელებენ, ეს არის საშიში. მე სხდომა დროებით დავტოვე არამოსამართლე წევრი შოთა ქადაგიძის მიერ არაკორექტული მიმართვის გამო, მან საკმაოდ არაკორექტულად მომმართა. ძველი ბიჭები გვყავს საბჭოში სამწუხაროდ, საქმის გარჩევებიც მიდის, ეს ქადაგიძის პოზიცია კი უკავშირდებოდა ერთ-ერთი მოსამართლის მიმართ ჩემ კითხვას”, – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეებთან გასაუბრების დროს საბჭოს წევრებს შორის დაპირისპირებაზე განცხადება გააკეთა საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმაც.

“დღევანდელმა სხდომამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ნაზი ჯანეზაშვილს და ანა დოლიძეს სასამართლო კორპუსში არავითარი ავტორიტეტი არ აქვთ. განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა ანა დოლიძის მიერ წინა დღეებში გავრცელებულ ვიდეოს, რითაც შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს. ჩვენ გვიჩნდება ეჭვი, რომ მას სურს პროცესის ჩაშლა”, – აცხადებს დიმიტრი გვრიტიშვილი.

უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრებისას უკვე ხუთმა კანდიდატმა მოსამართლემ მოითხოვა, მასთან გასაუბრების დროს შეხვედრა დაეტოვებინა ანა დოლიძეს. ამ მოსამართლეების უმრავლესობამ გადაწყვეტილებების მიზეზები გასაუბრების შემდეგ მედიასთან ახსნა. მათი შეფასებით, ანა დოლიძემ სასამართლო სისტემისადმი საკმაოდ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა და ცდილობს პროცესის პოლიტიზებას. სხვა დამატებით დეტალებზე ამ მოსამართლეებს განცხადებები არ გაუკეთებიათ.