ნაზი ჯანეზაშვილი - სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში შეტანილია ნინო გვენეტაძის განცხადება, რომ ის ძალადობის მსხვერპლია
ნაზი ჯანეზაშვილი - სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში შეტანილია ნინო გვენეტაძის განცხადება, რომ ის ძალადობის მსხვერპლია

სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში შეტანილია ნინო გვენეტაძის განცხადება, რომ ის ძალადობის მსხვერპლია, – ამის შესახებ განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტში საუბარია სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე რამდენიმე კუთხით და მათ შორის საუბარია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ერთ-ერთ განცხადებაზე საბჭოს წევრების მიმართ.

„სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე და ეს ანგარიში მოიცავს ორ ძირითად კომპონენტს. ერთი ეხება ინსტიტუცურ პრობლემებს იუსტიციის საბჭოში, აქედან მნიშვნელოვანია, რა ფორმატით მიმდინარეობს სხდომები. აქ აღნიშნულია ის ფაქტი, როდესაც ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ის ძალადობის მსხვერპლია, ასევე მნიშვნელოვანია ანგარიშის მეორე კომპონენტი, რადგან საუბარია, რომ სასამართლოს პრაქტიკა რიგ შემთხვევაში იწვევდა კრიტიკას. საუბარია მხარეთა თანასწორობის პრინციპზე გახმაურებულ საქმეებთან მიმართებაში, განსაკუთრებით, შეჯიბრებითობის კუთხით. ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს მხარეთა ინტერესები. ასევე საუბარია განაჩენების დასაბუთებულობაზე და განაჩენების გაჭიანურებაზე, რომელიც უკვე არაერთ ანგარიშში მოხვდა და საზოგადოება ღიად საუბრობს ამ პრობლემაზე“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საბჭოს წევრები დღის წესრიგით ოთხ საკითხს განიხილავენ. მათ შორის პირველ საკითხად ჩანიშნულია სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის განხილვა, რომელიც ადამიანის უფლებათა მდგომარეობას ეხება. აღნიშნული საკითხი საბჭოს სხდომის დღის წესრიგში უკვე მესამედ ჩაინიშნა, თუმცა განხილვა ორი კვირის განმავლობაში ვერ მოხერხდა. მიზეზი კი ომბუდსმენის სხდომაზე გამოუცხადებლობაა.

საბჭოს მოსამართლე წევრები ითხოვდნენ, რომ სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა ავტორთან ერთად მომხდარიყო, თუმცა ნინო ლომჯარიამ სხდომაზე მისვლა ვერ მოახერხა, რადგან პარალელურად აღნიშნული დოკუმენტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში ჰქონდა დაგეგმილი.