ნაზი ჯანეზაშვილი - საბჭოს მოსამართლე წევრები ვერ იტანენ განსხვავებულ აზრს
ნაზი ჯანეზაშვილი - საბჭოს მოსამართლე წევრები ვერ იტანენ განსხვავებულ აზრს

საბჭოს მოსამართლე წევრები, იმ „კლანის“ წევრები, რომლებიც ჩინჩალაძემ მოგვივლინა საბჭოში, ვერ იტანენ განსხვავებულ აზრს, – ასე შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ როინ მიგრიაულთან ჩატარებული გასაუბრება.

ნაზი ჯანეზაშვილს მიაჩნია, რომ საბჭოს წევრებს და ზოგადად, სასამართლო კორპუსს არ მოსწონს განსხვავებული აზრი.

„ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს არ მოსწონთ განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრი არ მოსწონთ ასევე მთლიანად მოსამართლეთა კორპუსს და ამის მაგალითი ვართ მე და ანა დოლიძე. ისინი გამოდიან ჩვენ წინააღმდეგ კონფერენციებზე, საბჭოს სხდომებზე, შიდა ქსელებში და ფაქტობრივად გვიპირისპირდებიან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ რიგ საკითხებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებული აზრი. დღევანდელი გასაუბრებაც იყო ამის დემონსტრირება. კანდიდატი, რომელიც მოდის და სწორედაც რომ თავისი პრინციპულობით, სითამამით და თავდაჯერებულობით უნდა შევაფასოთ, პირიქით – ჩვენ ვიღებთ შედეგს, რომ საბჭოს მოსამართლე წევრები, იმ კლანის წევრები, რომელიც ჩინჩალაძემ მოგვივლინა საბჭოში, ვერ იტანენ განსხვავებულ აზრს. ეს გასაუბრება იყო ამის ძალიან კარგი დემონსტრირება“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვას, აისახება თუ არა კანდიდატის მიერ გაკეთებული განცხადებები მის საბოლოო შეფასებაზე, ჯანეზაშვილმა განმარტა, რომ საბჭო არჩევანს იმ კანდიდატზე გააკეთებს, რომელიც მათ პოზიციას იზიარებს.

„მე დარწმუნებული ვარ, სამწუხაროდ, რომ საბჭოს წევრები არჩევანს გააკეთებენ იმ ადამიანზე, რომელიც მათ პოლიტიკას გაიზიარებს“, – განმარტა ნაზი ჯანეზაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, როინ მიგრიაულმა გასაუბრებაზე 2012 წლამდე სასამართლო სისტემაში არსებული ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „იყვნენ მოსამართლეები, რომლებსაც ჩამოსარეცხი მართლაც აქვთ, იმიტომ, რომ უმწიკვლოდ ემსახურებდოდნენ იმ ხელისუფლებას“.

დატოვე კომენტარი