ნაზი ჯანეზაშვილი - რამდენიმე წელია, თანამდებობებზე ქალი მოსამართლეების ნაკლებობის სტატისტიკა არ იცვლება
ნაზი ჯანეზაშვილი - რამდენიმე წელია, თანამდებობებზე ქალი მოსამართლეების ნაკლებობის სტატისტიკა არ იცვლება

„სტატისტიკის თანახმად, სასამართლოებში თავმჯდომარის თანამდებობაზე 25 მოსამართლე გვყავს და აქედან ქალი მხოლოდ სამია“, – ამის შესახებ განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა მის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

ინიციატივა სასამართლო სისტემაში თანამდებობებზე მოსამართლეთა დანიშვნისას გენდერული ასპექტის გათვალისწინებას გულისხმობს. აღნიშნულ საკითხის დაყენებას ნაზი ჯანეზაშვილი დღევანდელს სხდომაზე გეგმავს. საბჭოს წევრს მიაჩნია, რომ გენდერული ასპექტი მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი დეტალია. მისი შეფასებით, უკვე რამდენიმე წელია, თანამდებობებზე ქალი მოსამართლეების ნაკლებობის სტატისტიკა არ იცვლება.

„დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე წარვადგენ სამ პროექტს, რომელთაგან ერთ-ერთი ეხება გენდერულ თანასწორობას სასამართლო სისტემაში.

როგორც იცით, სასამართლო სისტემაში თავმჯდომარეები უმეტესად კაცები არიან. ქალები არ არიან წარმოდგენილი მრავლად. სტატისტიკის თანახმად, სასამართლოებში თავმჯდომარის თანამდებობაზე 25 მოსამართლე გვყავს და აქედან ქალი მხოლოდ სამია.

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ წლების განმავლობაში სტატისტიკა არსებითად არ იცვლება. დღეს წარმოდგენილი გვექნება ბოლო 4 წლის სტატისტიკური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ნამდვილად არ შეცვლილა სურათი.

აუცილებელია საბჭომ გაითვალისწინოს თანამდებობებზე დანიშვნისას გენდერული თანასწორობის პრინციპი. პარადოქსია, რომ უმრავლესობაში არიან ქალი მოსამართლეები, მაგრამ ლიდერ პოზიციაზე ისინი წარმოდგენილი არ არიან. მოსამართლე ქალებს სჭირდებათ ხელშეწყობა“,- განმარტა ნაზი ჯანეზაშვილმა.

გარდა ამ საკითხისა, ჯანეზაშვილი დღეს კიდევ ერთ ინიციატივას წარადგენს, რომელიც იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილების პროექტების საჯაროობას გულისხმობს.

ინიციატივის მიხედვით, ჯანეზაშვილი ითხოვს, გადაწყვეტილებებს შესაბამისი დოკუმენტაციაც დაერთოს.

დღეს იუსტიციის საბჭო დღის წესრიგით სულ შვიდ საკითხს განიხილავს.