ნაზი ჯანეზაშვილი - პრეზიდენტის საქციელი გაბუტვაა და არა სერიოზული მიდგომა
ნაზი ჯანეზაშვილი - პრეზიდენტის საქციელი გაბუტვაა და არა სერიოზული მიდგომა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი არ დაასახელა, გაიბუტა.

მისი შეფასებით, გიორგი მარგველაშვილი ამ ნაბიჯით გამოუსწორებელ შეცდომას უშვებს.

„პრეზიდენტი გამოუსწორებელ შეცდომას უშვებს, რადგან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატს არ ასახელებს. პირველ რიგში, პრეზიდენტის კონსტიტუციური ვალდებულებაა, წარადგინოს კანდიდატი. ჩემი აზრით, შეცდომაა ისიც, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გადააქვს პასუხისმგებლობა. არასამთავრობო ორგანიზაციები არ არის მითითებული კონსტიტუციაში, როგორც ნომინირების სუბიექტი. ვფიქრობ, ეს არის ძალიან სერიოზული შეცდომა“, – განაცხადა ნაზი  ჯანეზაშვილმა.

მისი თქმით, პრეზიდენტის კონსულტაციები არასაკმარისი იყო და მას ფორმატი ან სტრატეგია შესაბამისად არ ჰქონდა შერჩეული.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა სასამართლო სისტემის შიგნით არსებული მდგომარეობა არ იცის და პროცესებს მხოლოდ გარედან აკვირდება.

„პრეზიდენტს რომ სცოდნოდა, რომ სისტემას მიხეილ ჩინჩალაძე მართავს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისი ხალხია წარმოდგენილი, რომლებიც ნომინირებასთან დაკავშირებით მიიღებენ გადაწყვეტილებას, მაშინ  სხვა პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა საკითხს. როგორც მოიქცა, ამას გაბუტვას დავარქმევდი, სერიოზული მიდგომა არ არის. ვფიქრობ, სერიოზული შეცდომაა, როდესაც პრეზიდენტი კანდიდატს არ ასახელებს, თუმცა არაა გამორიცხული, დამოკიდებულება შეიცვალოს.  თავად არის ვალდებული კანდიდატის ნომინირება მოახდინოს. საზოგადოება არ უნდა დატოვოს ისეთ მდგომარეობაში, რომ სასამართლო დაუტოვოს მიხეილ ჩინჩალაძეს“, – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

მისთვის უცნობია,  თუ რა გადაწყვეტილება მიიღებს საბჭო  პრეზიდენტის ინაუგურაციის, შესაბამისად, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ – გაზრდის უზენაესი სასამართლოს შემადგენლობას და შემდეგ დაასახელებს კანდიდატს, თუ პირიქით.

„ახალი ნორმით, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში, უზენაესის სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა 28-მდე უნდა გაიზარდოს. ჯერ არ ვიცი, საბჭოს უმრავლესობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, გაზრდის მოსამართლეთა რაოდენობას 28-მდე და მერე აქედან მოხდება კანდიდატის ნომინირება, თუ მანამდე არსებული რაოდენობის მეშვეობით მიიღებს გადაწყვეტილებას. როგორც იცით, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, საბჭოს არ აქვს უფლება ნებისმიერი იურისტი დაასახელოს. პრეზიდენტს კი, შეუძლია ნებისმიერი რეპუტაციის მქონე ადამიანი დაასახელოს, რომელიც ნორმებს აკმაყოფილებს“, – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი არ წარადგინა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, კონსენსუსი ვერ შედგა. ამის გარეშე კი, კანდიდატურის დასახელება იქნებოდა „დასახელება დასახელებისთვის“.

უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დატოვა. ამის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით კონსულტაციები დაიწყო. კონსულტაციების შეჯამების მიზნით გამართული შეხვედრის შემდეგ აღინიშნა, რომ პრეზიდენტს ჰქონდა შეთავაზება იურიდიული წრეების ფართო წარმომადგენლობისადმი, დაესახელებინათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, თუმცა ამ ფორმატზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.