ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, საბჭოს სხდომების ღიაობა კანონმდებლობით განისაზღვროს
ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, საბჭოს სხდომების ღიაობა კანონმდებლობით განისაზღვროს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების ღიაობა კანონმდებლობით განისაზღვროს.

ამის შესახებ ჯანეზაშვილმა საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილის ინიციატივის საპაუსუხოდ განაცხადა, რომელიც სხდომების დახურვას ითხოვს.

ჯანეზაშვილის განმარტებით, იმისთვის, რომ საბჭოს სხდომები საჯაროობას არ დაემუქროს საფრთხე, აუცილებელია, კანონში შესაბამისი ჩანაწერი გაჩნდეს.

ნაზი ჯანეზაშვილი გეგმავს, 5 აპრილამდე პარლამენტს წარუდგინოს რამდენიმე წინადადება სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი წინადადება საბჭოს სხდომების საჯაროობას ეხება. ჯანეზაშვილი იმედოვნებს, რომ პარლამენტი მის წინადადებას გაითვალისწინებს.

„მაქვს იმედი, რომ ეს საკითხი არ დარჩება მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების ამარა, რომლებსაც აქვთ ასეთი არარაციონალური, არადემოკრატიული ინიციატივები. იმედი მაქვს, პარლამენტი აუცილებლად შეიტანს კანონში ცვლილებებს იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის საბჭოს სხდომები იყოს სტაბილურად ღია და ასეთ რეჟიმში არ გვიწევდეს მუშაობა, როდის მოინდომებს ვიღაც ერთი წევრი, როდის მოიპოვებს დანარჩენი 8-9 წევრის მხარდაჭერას იმისათვის, რომ სხდომები დიახუროს. ეს მიაყენებს ზიანს სასამართლო სისტემას”,- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა საბჭოს სხდომების დახურვის შესახებ წინადადება წინა სხდომაზე დააყენა.