ნაზი ჯანეზაშვილი - პარლამენტი კომპლექსურად უნდა მიუდგეს ვენეციის კომისიის დასკვნას, ერთი ან ორი რეკომენდაციის გათვალისწინება ვითარებას ვერ შეცვლის
ნაზი ჯანეზაშვილი - პარლამენტი კომპლექსურად უნდა მიუდგეს ვენეციის კომისიის დასკვნას, ერთი ან ორი რეკომენდაციის გათვალისწინება ვითარებას ვერ შეცვლის

მიმაჩნია, რომ პარლამენტი კომპლექსურად უნდა მიუდგეს ვენეციის კომისიის დასკვნას და მხოლოდ ერთი ან ორი რეკომენდაციის გათვალისწინება არსებულ ვითარებას ვერ შეცვლის, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, მხოლოდ ერთი ან ორი რეკომენდაციის გათვალისწინება საკმარისი არ არის, რადგან ისევ იქნება შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა, რომლებსაც დღეს აქვთ გავლენა სასამართლო სისტემაში, ისევ შეინარჩუნონ თავისი პოზიცია და ისევ წარადგინონ თავისი ხალხი.

„მინდა გითხრათ, რომ უკვე ცხრა თვეა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ გვყავს. ამ ვითარებაში ვფიქრობ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა მსჯელობდეს, რომ შეარჩიოს თავმჯდომარე, რადგან ამჟამად არის საბჭოში 14 წევრი. მნიშვნელოვანია, რომ როგორც კი კანდიდატურების წარდგენა დაიწყება, საბჭო სრული შემადგენლობით იყოს წარმოდგენილი. დღეს ნამდვილად არის უზენაეს სასამართლოში რესურსი, რომ საბჭომ მათ შორის, შეარჩიოს კანდიდატურა და კანონი ნამდვილად არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ აუცილებელია 28 კაცით იყოს დაკომპლექტებული. ვფიქრობ, ეს საკითხიც არის მნიშვნელოვანი, რომელიც საბჭომ უნდა გაითვალისწინოს და ისე დაიწყოს უზენაესი სასამართლოს წევრების შერჩევის პროცესი“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.