ნაზი ჯანეზაშვილი - ნინო ქადაგიძეს ვუგზავნი მოსაწვევს, მოვიდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე და კითხვებს უპასუხოს
ნაზი ჯანეზაშვილი - ნინო ქადაგიძეს ვუგზავნი მოსაწვევს, მოვიდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე და კითხვებს უპასუხოს

იუსტიციის უზენაესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო ქადაგიძეს საბჭოს სხდომებზე დასწრებას მოუწოდებს.

მისი განცხადებით, ნინო ქადაგიძე სხდომებს არ ესწრებოდა, როდესაც საერთო სასამართლოების სისტემაში უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლის ვაკანსიაზე შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.

„ნინო ქადაგიძე მარტში აირჩიეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, მას კი ამ დრომდე, არც ერთ სხდომაში არ მიუღია მონაწილეობა. მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ორ ვაკანსიაზე კანდიდატების შერჩევის კონკურსი. ეს საკითხი ვფიქრობ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ყველაზე მეტად უნდა აინტერესებდეს. შერჩევის პროცესი დარღვევების მიმდინარეობს. დარღვეულია ვადები. ვფიქრობ, ნინო ქადაგიძეს, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ეს თემა უნდა აინტერესებდეს. როდესაც მას ირჩევდნენ თავმჯდომარედ, განაცხადა, რომ ხელს შეუწყობდა ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას. სხდომებზე თუ არ ივლის და არ მიიღებს მონაწილეობას ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაში, შესაბამისად ანგარიშვალდებულ სისტემაზე ფიქრი მისი მხრიდან არის სრულიად უადგილო“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო უზენაესი სასამართლოს პლენუმმა და არც ერთ მათგანზე პასუხისმგებლობა არ აუღია ნინო ქადაგიძეს.

„საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშნეს ხვიჩა კიკილაშვილი და ვასილ როინიშვილი, ისინი მოსამართლეები გახდნენ 10 წლის ვადით. რა კრიტერიუმებით შეარჩიეს ეს ადამიანები, ამაზე ნინო ქადაგიძეს არ გაუცია სიღრმისეული პასუხი საზოგადოებისთვის. მოვუწოდებ, რომ მოვიდეს და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებს პასუხი გასცეს. ვუგზავნი მოსაწვევს, მოვიდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე, დაესწროს, მიიღოს მონაწილეობა და აქტუალურ კითხვებს უპასუხოს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დატოვე კომენტარი