ნაზი ჯანეზაშვილი - მოსამართლეებზე რაიმე სახის ზეწოლას თუ ჰქონდა ადგილი, გამოვიდნენ და ღიად ისაუბრონ
ნაზი ჯანეზაშვილი - მოსამართლეებზე რაიმე სახის ზეწოლას თუ ჰქონდა ადგილი, გამოვიდნენ და ღიად ისაუბრონ

ჩვენ უკვე ვიცით, რომ ჩინჩალაძე აშინებს მოსამართლეებს. ისიც ვიცით, რომ სასამართლოს ლიდერობაზე პრეტენზია აქვს მურუსიძეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ მოსამართლეები უნდა გამოვიდნენ თუკი მათზე იყო რაიმე დევნა, თუ იყო დავალებები გაცემული, ღიად ისაუბრონ, – აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სააპელაციო სასამართლოსთან, სადაც 21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დაკავებული პირების სააპელაციო საჩივრების განხილვა გრძელდება.

ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ საქმეთა მიმართ არაინდივიდუალური განხილვის და მიდგომის გამო ჩნდება ეჭვი, სასამართლო განხილვების დროს ხომ არ იყო მოსამართლეებზე რაიმე ტიპის ზეწოლა.

მისივე თქმით, თუ მართლაც ადგილი ჰქონდა რაიმე მსგავს, მოსამართლეებმა ხმამაღლა უნდა ისაუბრონ, რადგან მისივე შეფასებით, დღეს აღარ არის 10 წლის წინანდელი დრო და 26 მაისის პერიოდი, როდესაც არ იყო ინფორმაცია სასამართლო სისტემის შესახებ.

„ჩვენ ვნახეთ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაციები და ის ადამიანები, რომლებიც იცავდნენ დაპატიმრებულებს, ამბობენ, რომ ინდივიდუალური მიდგომა სასამართლოს მხრიდან იყო პრობლემა, ანუ საქმეებს საერთო პრინციპით იხილავდნენ. პატიმრობას უფარდებდნენ ადამიანებს არა ინდივიდუალური შემთხვევიდან და გარემოებებიდან გამომდინარე. ამიტომ, კითხვები ჩნდება ჩემი მხრიდან, რომ ხომ არ იყო ზეწოლა მოსამართლეებზე და ხომ არ იყო რაიმე დავალებების გაცემა მოსამართლეებზე. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ მოსამართლეები, რომლებიც ამ საქმეებს იხილავენ და რომელთა მიმართაც შესაძლოა, იყო რაიმე დავალებები გაცემული, უნდა გამოვიდნენ და ღიად ისაუბრონ ამის შესახებ, რადგან დღეს არ არის 10 წლის წინანდელი პერიოდი, ეს აღარ არის 26 მაისის დრო, როდესაც არ გვქონდა ჩვენ მეტი ინფორმაცია და სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა სასამართლოში.

ჩვენ უკვე ვიცით, რომ ჩინჩალაძე აშინებს მოსამართლეებს. ისიც ვიცით, რომ სასამართლოს ლიდერობაზე პრეტენზია აქვს მურუსიძეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ მოსამართლეები უნდა გამოვიდნენ თუკი მათზე იყო რაიმე დევნა, ღიად ისაუბრონ. ყველანი დავუდგებით მათ გვერდით, რადგან ჩვენ უნდა გვემსახუროს მოსამართლე, ხალხს უნდა ემსახუროს, სიმართლეს და არა ვიღაცა ინდივიდუალურ ადამიანებს, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ მოსამართლეობასთან“,- აცხადებს ჯანეზაშვილი.